ბიძინა ივანიშვილს გულს მეტად ვერაფრით გაუხარებ გარდა იმისა, რომ ადამიანებს უთხრა, 4-ში ხალხს შევკრებ და ხელისუფლებას რევოლუციით დავამხობო – ამ ქვეყანაში რევოლუციებმა მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, რევოლუციამ საპატიმროები საწამებლად აქცია, მის შედეგად ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ – ამ ქვეყანას რევოლუცია არ სჭირდება, არამედ ევოლუცია! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე მოსაზრებით, „რევოლუციებზე და დამხობებზე საუბარი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგია“.
„ბიძინა ივანიშვილს გულს მეტად ვერაფრით გაუხარებ გარდა იმისა, რომ ადამიანებს უთხრა, 4-ში მე ხალხს შევკრებ და ხელისუფლებას რევოლუციით დავამხობო. ამ ქვეყანაში რევოლუციებმა მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ამ ქვეყანაში რევოლუციებმა შეიწირა ბუტა რობაქიძე, ამ ქვეყანაში რევოლუციამ საპატიმროები საწამებლად აქცია, ამ ქვეყანაში რევოლუციის შედეგად ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ. ამ ქვეყანას რევოლუცია არ სჭირდება, ამ ქვეყანას სჭირდება ევოლუცია, ამ ქვეყანას არჩევნებში მონაწილეობა სჭირდება. ეს პროცესი არის სწორი პროცესი და დანარჩენი ყველაფერი, პირდაპირი მნიშვნელობით, „გაპონიზმია“. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ აპირებს, რომ გაპონის ფუნქცია შეასრულოს, ეს ხალხი წაიყვანოს და პირდაპირი მნიშვნელობით, რაღაცა უბედურებაში გახვიოს… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ეს ყველაფერი უცებ 4-ში დამთავრდეს? ამ ხალხს რატომ ატყუებენ ან რატომ შეჰყავთ ასეთ შეცდომაში? რატომ ეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი 5-ში გაიქცევა? ამის ხომ თვითონაც არ სჯერათ. საკუთარი პარტიის წევრები, ზოგი იძახის, რომ 4-ში ვამთავრებთო. დღესაც, მეორე თაობის „ნაცი“ [ლევან სანიკიძე] ამბობდა, რომ 4 არის დასაწყისი. შენ არ ეუბნებოდი, რომ ხელისუფლებას 4-ში ამთავრებ? რა უნდა მოხდეს? პოლიციასთან კონფლიქტი? უბედურება უნდა მოხდეს? მე ვერ ვხვდები, სად მიდის ეს? რა არის ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა?“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილი, ასევე, გამოეხმაურა ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის“ შესახებ გიორგი გახარიას კრიტიკულ პოზიციაზე საუბრისას ასეთი განცხადება გააკეთა: „4 ოქტომბერზე „ოცნების“ სარკაზმი მესმის, მაგრამ გახარიას რა აქვს სალაპარაკო? რა ნიშნით უნდა ასწავლოს სხვას ჭკუა? სხვაზე მეტი არ უბრძოლია – ჰგონია, რომ ისევ პრემიერია, ამ როლიდან ვერ გამოვიდა“. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „გახარია მათზე ჭკვიანია“.
„იმიტომ, რომ მათზე ჭკვიანია, იმიტომ, რომ ისინი ბრიყვები არიან. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ვათხელებთ. ჩვენ „ქართული ოცნების“ ელექტორატს ვარწმუნებთ, რომ მათ „ოცნებას“ ხმა არ მისცენ. ქალბატონი ჯეჯელავა და მისი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნოს. ჯეჯელავას და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომელიც წინა არჩევნებზე შემცირდა, წავიდა და ჩვენი მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ დაუდგა მხარში სამეგრელოში, თბილისში. სახელს და გვარსაც გეტყვით. არის ასეთი ადამიანი – ვინმე, დავით ჯაფარიძე, რომელიც მთელი ცხოვრება „ნაცების“ ზონდერი იყო. 2016-შიც მათ გვერდით იყო. 2024 წლის არჩევნებზე ეს ყოფილი „ნაცი“ „ქართული ოცნების“ ვერის შტაბში იჯდა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მობილიზებას ახდენადა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს გაგვიკეთებია – ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ვათხელებთ, თქვენ ავსებთ.
2021 წელს, როდესაც სააკაშვილი არაჟნის კონტეინერში ჩაჯდა, ჩამოვიდა და ქართულ საზოგადოებას თავისი სახე ანახა, „ქართულმა ოცნებამ“ წაგებული არჩევნები შემოატრიალა. ახლაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განაყოფმა, წაგებული თბილისი შემოატრიალა, როდესაც გადაწყვიტეს, უაზრო არგუმენტით არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ირიბად ხელს უწყობს კორუმპირებული კახა კალაძის არჩევას თბილისის მერად“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ საქართველო დატოვა. მისი თქმით, ისინი ბიზნესმენებს ეუბნებოდნენ, რომ საქმე „მათზე ფულის მოთხოვნამდე მივიდოდა“.
„ჩვენ ამ ადამიანებს, ვისაც დღემდე ვიცნობთ, მეგობრულად, მშვიდად, წყნარად, ზედმეტი ისტერიის, ემოციის გარეშე ვეუბნებოდით, რომ აქამდე მივიდოდა ეს ამბავი – მათზე ფულის მოთხოვნამდე. შენ რომ ფული იშოვე და მე, ხელისუფლებამ „ხელი შეგიწყვე“, არ ვიცი, ამაში რა იგულისხმება, მაგრამ ეს ფული ახლა შენ უნდა მოიტანო. როგორც იმ რევოლუციის შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს ატყავებდა, ფინანსურ პოლიციაში იბარებდა, ციხეში ყრიდა.. დაახლოებით ერთი ნაბიჯი დარჩა „ქართულ ოცნებას“. ნახეთ კიდეც ხომ ბურჭულაძის დაკავება, მისი თანამშრომლის, ხაინდრავას დაკავება. ზუსტად ასე დაიწყეს მათაც, ვითომ, კორუმპირებულ ხალხთან ბრძოლით და მერე, ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვეს. დამნაშავე იყო თუ არა, აღარავინ არჩევდა. ამ გზაზე დგას „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებაზე“ დღეს მხარის დაჭერა, საკუთარ თავზე განაჩენის გამოტანას ნიშნავს, საკუთარი თავის გაუბედურებას. დღეს, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ძველ ვალებს, ამ ბიზნესმენებს დასდევენ. რიგები დგას ფულის მიტანაზე. როგორც „ნაცების“ დროს იდგა რიგები არჩევნების წინ ფულის მიტანაზე, ახლაც ასეთი რიგებია. ამიტომ, ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გოგიჩაიშვილმა შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატის განცხადება, რომ ის საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ ხსნის. მისი თქმით, „ამ ადამიანმა საკუთარი თავი რაღაც ფასად გაყიდა“.
„იყიდეს ადამიანი, ზეწოლა განახორციელეს, რა ვიცი, რას ვდიოთ? ადამიანია, უღალატეს. ადამიანი არის ჩვეულებრივი მოღალატე, რაღაც ფასად გაიყიდა, თავის თავი გაყიდა. ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ასეთი ხალხია. ამაზე უარესს არ აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ კახა კალაძის არჩევნებში? შტაბში არიან, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებზე არ მოხვიდეთო. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძეს უჭერენ მხარს? ამაზე უარესი არ არის? ამაზე მაინც ვიცით, რომ ღია მოღალატე და ღია გამყიდველია. ეს ადამიანები კი, ბრძოლის სახელით აკეთებენ და სიყალბეში იღებენ მონაწილეობას. ეს რეალობაა, ეს ქვეყანაა, ასეთ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი უბედურებაა. ამ ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ადამიანი, რომელიც აქამდე მოვიდა, ადგა და გაიყიდა. მთავარია, ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა
გარდა ამისა, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისში მათი და „ლელოს“ მერობის ერთობლივი კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება. გოგიჩაიშვილის თქმით, ამის რესურსი „ლელოს“ აქვს.
„როდესაც [დარღვევების] მტკიცებულებები გვექნება, „ქართული ოცნებაც“, პოლიციაც და პროკურატურაც იძულებული იქნება, სამართალდარღვევაზე რეაქცია ჰქონდეთ“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
