ლევან ბეჟაშვილი: ჩვენი მიზანია, 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე მოსაზრებები წარვადგინოთ და უმრავლესობა ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ უმრავლესობა, ეს საკითხები განიხილონ – ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ევროკავშირის რეკომენდაციები ითვალისწინებს, შეთანხმებას მიაღწევენ.
„არ გვაქვს ობიექტური მოლოდინი, რომ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს: ეკონომიკა, სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია უახლოეს პერიოდში გადაწყდება და პოლიტიკოსები შეძლებენ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება არის ამ პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღები. მოლოდინი, რომ ამ პროცესს ობიექტურად წარმართავს და ოპერატიულ რეჟიმში განახორციელებს „ქართული ოცნება”, არ გვაქვს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9 პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან “ლელოს”დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: 50 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ამბობს უკანონო დავალებების შესრულებაზე – ივანიშვილს ვეუბნები: ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარშემო მყოფი ადამიანები