აშშ-ს ელჩის განცხადება დასტურია იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი განცხადება – ეს არის რეაგირების მოთხოვნა ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
ბეჟაშვილის შეფასებით, ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალაშია.
„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, პრაქტიკულად კვალიფიკაცია მისცა ფარცხალაძის საქართველოში საქმიანობას „ეფესბეს“ გავლენის აგენტის, რომელიც ცდილობს რუსული პოლიტიკური ნარატივების დანერგავს ქართულ პოლიტიკაში. იმთავითვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ. „ეფესბეს“ აგენტობა სერიოზული ბრალდებაა. დღეს, აშშ-ს ელჩის განცხადება დასტურია იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი განცხადება. ეს არის რეაგირების მოთხოვნა ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალაშია , დაუსაბუთებელია და არსებითა ამერიკული მხარისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მან ასევე შეაფასა მმართველი გუნდის შეფასებები აშშ-ს ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ბეჟაშვილის თქმით, ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ნაბიჯი არგადაუდგამს და სურვილიც კი არ გამოუხატავთ, რომ ამ მიმართულებით წინ წასულიყვნენ.
„მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს და გამოძიება უნდა აწარმოოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. დაკითხული არის საერთოდ ვინმე? თუნდაც ფარცხალაძე დაიკითხა? ვის სთხოვენ მტკიცებულებებს, როდესაც ნაბიჯი არ გადაუდგამთ და სურვილიც კი არ გამოუხატავთ, რომ ამ მიმართულებით წინ წასულიყვნენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.