ლაშა ცანავას არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ, ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია – ხაბეიშვილი – Netgazeti • ლევან ხაბეიშვილი • Netgazeti.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ლაშა ცანავას პროვოკაცია მოუწყვეს, რადგან მისი მეგობარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს სთხოვდა.
თუმცა ლევან ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას შიდა თუ გარე მტრის მიერ და არ აპირებს ლაშა ცანავას სახელს და გვარს დაემალოს.
„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ – ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!
წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან… დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა „სუსის“ აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.
საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“, – წერს Facebook-ზე ლევან ხაბეიშვილი.