ლაშა ფარულავა – ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“ – დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს

ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ლაშა ფარულავას განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში საბჭოთა ინსტრუმენტების დაბრუნება.
„ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს. რა არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება? რატომ შემოიტანეს ეს კანონი? კანონი საბჭოთა სისტემის რესტავრაციას ახდენს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს საბჭოთა ინსტრუმენტები. მათ მონიტორინგის ქვეშ დასმენის ინსტიტუტი შემოაქვთ. ამას ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტი აქვთ გაკეთებული საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციებს დევნიან, იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციების, მათი შრომის დამსახურებით, საქართველო მივიდა ევროკავშირის კართან და ახლა ამ კართან გვეღობება ივანიშვილის პარტია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვს ჩვენს საზოგადოებას – დავდგეთ ერთად, ვიყოთ შეკრულები და ამ მშვიდობიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ყველზე მთავარი – ჩვენ გვინდა ევროპა ყველასთვის, მათ შორის მათი შვილებისთვის, ხოლო ამ ადამიანებს უნდათ კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის, ივანიშვილის ჯგუფისთვის. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!“- განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.