წინააღმდეგობის ახალ ტალღას, რომელიც შემოდგომაზე უნდა იყოს, სრული მხარდაჭერა აქვს პარტიაში, რაც შეეხება თარიღს, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გახდის ნათელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლაშა ფარულავას თქმით, 4 ოქტომბერს დაგეგმილ დიდ შეკრებაზე საუბარი დღეს და გუშინ არ დაწყებულა და დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება, მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას. პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიტსაბჭოში სრული უმრავლესობა მხარს უჭერს 4 ოქტომბრის იდეას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ავირეკლეთ და მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ისინი ჩაატარებენ რუსულ სპეცოპერაციას, ხოლო ჩვენ, ვინც ბოიკოტში ვიმყოფებით, უნდა დავანახოთ ხალხის ძალა რეჟიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სრული თანხმობაა, რასაც ვამბობ, შემიძლია თავი დავდო ამაზე.
ანა წითლიძემაც გააკეთა განცხადება და სხვებმაც, რომ ჩვენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გვაქვს დამოკიდებულება, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ვაპირებთ ამაში ჩართვას. ეს არ უნდა იყოს პარტიული ღონისძიება, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი ღონისძიება. პარტიები ივანიშვილს ვერ შეცვლიან, ქართულმა ხალხმა უნდა შეცვალოს.
უკვე მეორე თვეა ჩვენ ვსაუბრობთ 4 ოქტომბერზე, დიდ შეკრებაზე. დღეს და გუშინ ხომ არ გაჩნდა ეს იდეა? წყალს წაუღია ყველანაირი პოლიტიკური პარტია, თუ ჩვენი ქვეყნის მთავარი მისია არ იქნება შესრულებული, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის ახალი ტალღა. ამ დისკუსიას დარწმუნებული ვარ არა თუ რამდენიმე დღეში, რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილი დაუსვამს წერტილს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსონი ერთ თარიღზე[4 ოქტომბერი] არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია“.
