ლაშა ტუღუში – ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ყოფილებთან ხელის ფათურს არ გულისხმობს! ეს მოქმედ, გავლენიან ფიგურებთან დაპირისპირებაა, რასაც ვერ ვხედავთ, ამიტომ, რაც ახლა ხდება, კორუფციის წინააღმდეგ ტოტალური ბრძოლა არ არის

ეს კორუფციის წინააღმდეგ ტოტალური ბრძოლა არ არის! ხალხი, ვისკენაც ისრები მიიმართა, ძალაუფლების მთავარ ცენტრებს არ წარმოადგენენ – ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ყოფილებთან ხელის ფათურს არ გულისხმობს! ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა მოქმედ, გავლენიან, ძლიერ ფიგურებთან დაპირისპირებას გულისხმობს, რასაც ვერ ვხედავთ – ეს ძალიან შორს არის და ამ ხელისუფლების პირობებში არც იქნება, – ასე აფასებს ორგანიზაცია “ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფაქტს.
როგორც ტუღუშმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კორუფციასთან წინააღმდეგ სისტემური მიდგომა არ ჩანს და ის, რასაც ახლა ვხედავთ, შიდაპარტიული – ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებული პროცესია.
ტუღუში იმასაც ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება, ხელისუფლების შიგნით არსებულ სხვადასხვა ცენტრებს შორის ბრძოლა მიდის.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით სისტემურობას რომ ვხედავდეთ, მაშინ სხვა ფაქტებიც ამოტივტივდებოდა. ისეთი ფაქტები ამოტივტივდებოდა, რასაც მედიის მხრიდან ვისმენთ. მაგალითად, ვნახავდით საქმეებს რეგიონებში, ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მთელს ფულს, რაც რეგიონებისთვის არის გამოყოფილი, ჯიბეში იდებენ. ვიცით ფაქტები, როდესაც არის ვიღაცის ბიძა, ვიღაცის ნათესავი და რომელიმე რეგიონისთვის რა ფულიც არის გამოყოფილი, მთელი ფული მათ მიაქვთ.
ნებისმიერ ადგილას გაიგებთ, რომ კორუფცია პრობლემაა. ეს ის თემა არ არის, რომელიც ჩვენთვის სიურპრიზია. კორუფცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემა გახდა და ამიტომ რაღაც რეფლექსი საჭიროა.
გასაგებია ისიც, რომ რაღაც ფიგურების გარშემო ვტრიალებთ. ეს ფიგურებია პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქტიურია ამ თვალსაზრისით, ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნები. ეს არის რაღაც პოლიტიკური ცენტრები, რომლის ირგვლივ რაღაც ფინანსური ინტერესები დაგროვდა და ახლა შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს.
დაკავებული პირები ახლა არაფერს ამბობენ, მაგრამ როცა საკუთარ მომავალს უფრო მძიმედ დაინახავენ, ვიღაცები აუცილებლად ალაპარაკდებიან. მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ საით მიდის ეს დინება – სად აქვს მოხვევის თუ გაჩერების პერსპექტივა“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ტუღუშის შეფასებით, დღეს ქვეყანას ძლიერი პროდასავლური პოლიტიკური ელიტა რომ ჰყავდეს, ასეთ დღეში არ აღმოჩნდებოდა და ვითარება უკეთესი იქნებოდა. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, შეცდომას, რასაც ოპოზიცია მუდმივად უშვებს, არის ის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ერთობის ნაცვლად, ისევ ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ტუღუშის თქმით, საჭიროა სერიოზული დაფიქრება და დასკვნების გაკეთება, „თუ რატომ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა“.
“თუ მოსამართლეებს მცირე გონიერება შერჩენიათ, დრაკონული, უკანონო და უსინდისო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც ზოგიერთი მოსამართლე იღებს, თავს უნდა არიდებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი კარგად ხვდებიან, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება – შეუძლებელია ეს დიდხანს გაგრძელდეს! შესაბამისად, რთული გასაგები არ არის, რომ არ გეპატიება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანს ციხისთვის სწირავ ისე, რომ მას არაფერი დაუშავებია.
როდესაც ქვეყანას დასანქცირებული მოსამართლეები ჰყავს, აჩვენებს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია არა მხოლოდ დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად განვითარების თვალსაზრისით. ამდენი დასანქცირებული, ამდენი ნეგატივი იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს და საჭიროა დაფიქრება თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი – არა მხოლოდ ის, რომ არსებული უნდა შეიცვალოს და გასაგებია, ეს პოლიტიკური ძალა რას წარმოადგენს, მაგრამ ასევე უნდა დავფიქრდეთ, თუ რა დაგვემართა. ამაზე სერიოზული დაფიქრება და დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, რათა ანალოგიური შეცდომები კიდევ არ გავიმეოროთ.
ჩვენ რომ ძლიერი პროდასავლური პოლიტიკური ელიტა გვყავდეს, ვფიქრობ, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი – უკეთესს ვითარებაში ვიქნებოდით, ამიტომ დასკვნები მათაც უნდა გააკეთონ, რათა ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე არ ვიტრიალოთ.
შეცდომას, რასაც ოპოზიცია უშვებს არის ის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ერთობის ნაცვლად, ისევ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამას ვხედავდით, 90-იან წლებში, 2 000 წელს, 2010 წელს – ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა ერთიანობა იყო აუცილებელი. დღესაც იგივე ვითარებაა, როცა აუცილებელია ერთიანობა, მაგრამ ერთიანობას ვერ ვხედავთ.
არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური ძალები, მაგრამ ერთიანობა გულისხმობს საერთო მოქმედებებს საპირისპირო მხარეს მყოფი ძალის მიმართ. დღეს არა თუ ერთიანობა არა გვაქვს, ერთმანეთს დაპირისპირებული არიან – ეს არის შეცდომა, რაზეც ვერ ვსწავლობთ – ე.ი. რაღაც გვჭირს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ამასთან, ტუღუში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პარლამენტის ხელახალი ს დანიშვნას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით პარლამენტის ახალი არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მისივე აზრით, თუ პარლამენტის ხელახალი არჩევნები დაინიშნა, ეს მარტო პარტიების საბრძოლო და სამოქმედო არეალი არ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში სიტყვა მთლიანად საზოგადოებამ უნდა თქვას.
“ქართული ოცნების“ გუნდი კარგად ხედავს, რომ საზოგადოების რეალური მხარდაჭერა არა აქვს და გარე თუ შიდა პოლიტიკური ფაქტორები, მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აუცილებლად გაღრმავდება.
თუ პარლამენტის ხელახალი არჩევნები დაინიშნა, ამ შემთხვევაში სიტყვა მთლიანად საზოგადოებამ უნდა თქვას – მარტო პარტიების საბრძოლო და სამოქმედო არეალი არ უნდა იყოს. თუ მარტო პარტიების სამოქმედოდ დავტოვეთ, მაშინ კვლავ იმ დაპირისპირებას დავინახავთ, რაც ქვეყანას არანაირად არ აწყობს – ეს დამარცხების ფორმულა იქნება! თუ მოგების ფორმულა გვინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს საზოგადოების დიდი ნაწილმა გასაგებად უნდა უთხრას, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება, რასაც ახლა ვუყურებთ, არ გვჭირდება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ მოიგოს, საჭიროა პროდასავლური ძალების ერთიანობა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ტიპის კონკურენცია იქნება“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.