ლაშა ტუღუში: არ მგონია ვინმემ შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა ამას ვერ შეცვლის

არ მგონია ვინმემ შეძლოს და საქართველოს ისტორია გადაწეროს. არ მგონია ვინმემ შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა ამას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რითაც იუნკერთა ხსოვნის დღეს გამოეხმაურა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ სწორედ ანტიგმირობას ასხამს ხოტბას.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. იუნკრებზე როცა ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის ხალხია, ვინც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად, საკუთარ სამშობლოს აფასებენ და სამშობლო იყო მათთვის მთავარი, ამიტომაც გასწირეს თავი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს გმირი და რას ანტიგმირი. ჩვენთან რასაც ქადაგებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს ფაქტობრივად მართავს ამ ქვეყანას, არის სწორედ ანტიგმირობა და ანტიგმირობას ასხამენ ხოტბას, როდესაც სახელს არ ვარქმევთ იმას, რასაც უნდა დავარქვათ სახელი – არის მტერი! როდესაც პრაგმატიზმი ნიშნავს, რომ დაივიწყო საკუთარი გმირების ისტორია, ეს არის ანტიგმირებისთვის ხოტბის შესხმა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წავახალისოთ ომი ან უაზრო პოლიტიკაში ვიყოთ. არ მგონია ვინმემ შეძლოს და საქართველოს ისტორია გადაწეროს. არ მგონია ვინმემ შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ამას ვერავინ შეძლებს სადაც არ უნდა იყვნენ, პარლამენტში, სტუდიაში, გემში, ნავში, ცხენზე… ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა ამას ვერ შეცვლის.

ჩვენ რატომ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა? – იმიტომ, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც არის დემოკრატია, სადაც არის განვითარებული სოციალური გარემო, კეთილდღეობა. რატომ არ გვჭირდება რუსეთთან ღრმა ურთიერთობები? – შეიძლება ვიღაც ოცნებობს მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირზე, მაგრამ რატომ არ გვჭირდება? – იმიტომ, რომ არ არის იქ არც კეთილდღეობა, არც ადამიანის პატივისცემა, არც ტრადიციების პატივისცემა, რომელსაც ხანდახან აბრალებენ ხოლმე რუსეთს. ამიტომ არის ეს ხაზი მკაფიო და ვისთვისაც ეს ხაზი არ არის მკაფიო, იმისთვის არჩევანი გასაგებია“, – განაცხადა ტუღუშმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. საბოტაჟის საქმე და ზოგადად, ოპოზიციის გაერთიანებაა. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, „ოპოზიციამ საზოგადოებასთან ხიდები უნდა ააშენოს“.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო პერიოდში ბევრჯერ დამარცხდა. ამან გამოიწვია მათ შორის გარკვეული ფრუსტრაცია. რატომ დამარცხდნენ, იყო თუ არა მათი მიზეზით ეს მარცხი? -რა თქმა უნდა, მათი მიზეზიც იყო, იყო გარკვეული ობიექტური მიზეზებიც, რომელიც მათ ხელთ არ იყო, ამიტომაც დამარცხდნენ, თუმცა ვფიქრობ, მათ მეტი შეეძლოთ. როცა დღეს ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, რა უნდა გააკეთონ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შეცდომები, ასევე უნდა გაითვალისწინონ რეალობა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ძირითად საკითხებზე უნდა ჩამოვყალიბდეთ – რაც შესაძლებელია საკუთარი რესურსები უნდა გააერთიანონ. ეს არ ნიშნავს, რომ იქნება ერთი ინსტიტუტი, ან ერთი პარტია. შეიძლება არსებობდეს გარკვეული თანაარსებობის ფორმულა, რომელიც სიმეტრიულობას არ გულისხმობს. შეიძლება იყოს ასიმეტრიული, მაგრამ თამაშის წესებზე აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ. არ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ არიან იმ დონეზე დაპირისპირებულები, როგორც იყვნენ წინა შემთხვევებში, როცა ლამის მოღალატეებად და მტრებად აცხადებდნენ ერთმანეთს. ეს უნდა დასრულდეს. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ისინი განწირულები იქნებიან მარცხისთვის. ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ საერთო გასაგები პლატფორმა. ეს არ არის მარტო ერთი წინადადება, რომ „მოდი, ესენი შევცვალოთ“, ძირითადი მიმართულებები მაინც უნდა იყოს. მაგალითად, განათლების რეფორმაა ახლა მწვავე საკითხი, ანგრევენ ამ სისტემას და აქ მათი მკაფიო ხედვა არის საჭირო. ასეთ საკითხებზე უნდა იყოს მეტ-ნაკლები ერთიანობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მათი მთავარი შეცდომა არ უნდა განმეორდეს. ისინი ხალხთან არ მუშაობდნენ. არჩევნების პროცესში არ აქტიურობდნენ მოქალაქეებთან. ეს უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დამარცხდებიან. ხიდები უნდა ააშენონ საზოგადოებასთან. ამის პოტენციალი არსებობს. მარტო ტელევიზორში არ უნდა ჩანდე, მარტო სკამზე არ უნდა იჯდე და ლაპარაკობდე. ამას თუ შეძლებენ, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესს შეცვლის და შანსს გაუჩენს ამ ქვეყანას, რომ გამოძვრნენ ამ რთული ვითარებიდან. თუ ოპოზიცია არ შეიქმნა, ვერაფრით მოხერხდება პოლიტიკის დაბრუნება. ქუჩა, მოქალაქე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გასაგებია – ეს არის პროტესტი, მაგრამ პოლიტიკას ქმნიან პოლიტიკოსები და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ გაერთიანებული ძირითადად პარტიებში. პოლიტიკური პარტიების გარეშე, ჯანსაღი, სწორი პოლიტიკური პარტიების გარეშე ძალიან წარმოუდგენელია, შეუძლებელია რეალურად რაიმე შეცვალო ქვეყანაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ახლა, დღეს გადადგას სწორი ნაბიჯები, იმიტომ, რომ ქვეყანას ეს სჭირდება.

რაც შეეხება ე.წ. საბოტაჟის საქმეს, ძალიან ბევრჯერ ვთქვით ამ პროცესზე – ეს არის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ოპონენტების მოსპობის, საკუთარი ძალაუფლების გამყარებისა და გამტკიცებისკენ, ნებისმიერ ფასად, მათ შორის ოპონენტების ფასად, საკუთარი მომხრეების ფასადაც კი და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ფასად. საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ფასად ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. რაც შეეხება საერთაშორისო შეფასებებს, [ქართულ ოცნებას] შეუძლებელია არ აღელვებდეს საერთაშორისო გამოხმაურებები, იმიტომ, რომ გადაიმტერო ნახევარი მსოფლიო უნდა გაღელვებდეს. დღეს ამათ მოახერხეს, რომ ნახევარი მსოფლიო გადაიკიდეს და გადაიმტერეს, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების ინტერესი უფრო მეტია. მათთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, ისინი არიან შენიღბულები, ვითომ სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნავენ, ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობენ, რეალურად ისინი ფიქრობენ საკუთარ ძალაუფლებაზე, საკუთარ ინტერესებზე და არ აინტერესებთ დანარჩენი არაფერი, მათ შორის სხვა, უცხოელი როგორ უყურებს მათ“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.