ლაშა ჟვანია დიპლომატიური სამსახურიდან მიდის

ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს.
მისივე განმარტებით, შემოთავაზება დან აქვს და ის საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება, რომელმაც „ალბათ, უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს“.
ჟვანიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოთავაზებები ჰქონდა და ბოლო ასეთი შემოთავაზება დეკემბერში მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
„თანამდებობის დატოვების მიზეზი არაფერი ყოფილა, გარდა კანონისა, რომლის მიხედვით, ელჩის როტაცია არის 4 წელი და 6 თვე, რომელიც იწურება 1- ელ თებერვალს. სამომავლო გეგმები სახელმწიფო სამსახურს არ უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2010 წელს მქონდა მიღებული, შემდგომ ს შემდეგ, როგორც იცით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და პრეზიდენტმა შემდეგ შემომთავაზა ისრაელში დანიშვნა. ისრაელზე უარი არ ვთქვი, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ბევრი ძალიან კარგი რამ გავაკეთეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ეს პირველი როტაცია არ იყო ჩემი ისრაელში ელჩად, მეორე იყო. შემოთავაზებები რა თქმა უნდა, მქონდა, ჯერ კიდევ მაისში საგარეო საქმეთა მინისტრისგან, შემდეგ, ასევე, მქონდა საუბარი აგვისტოში პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც გააგრძელა ჩემი ისრაელში ყოფნის ვადა, მაშინ ეს ვადა იყო გაგრძელებული პირველ თებერვლამდე და ამოიწურა ეს ვადა. ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობელი ვარ. არც იმას დაგიმალავთ, რომ დეკემბერში, როცა ელჩების შეხვედრა იყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ შემომთავაზა დავფიქრებულიყავი და დავთანხმებოდი რომელიმე ქვეყანაში ელჩად წასვლას. კონკრეტულად ქვეყანა არ იყო დასახელებული, მაგრამ ევროპის ერთ- ერთ ქვეყანაში იყო ასეთი შემოთავაზება. მეგობრული საუბრის დროს მე მას ვუთხარი, რომ იგივე პოზიცია მაქვს, რაც მაისში მქონდა და შემდეგ აგვისტოში. არც იმას დაგიმალავთ, რომ ისრაელიდან მაქვს შემოთავაზებები, რომელიც კერძო საქმიანობას უკავშირდება და ძალიან სერიოზულ საერთაშორისო პროექტებს, რომლებმაც, ალბათ, უახლოეს მომავალში უნდა შეცვალონ ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რამ. ასე რომ, ეს გამოწვევა ძალიან საინტერესოა, არანაკლებ, ვიდრე ელჩობა. ასეთ შემოთავაზებაზე დრო მქონდა მეფიქრა და უარი ვერ ვთქვი. ასპარეზი გჭირდება, ვგულისხმობ სახელმწიფო და კერძო საქმიანობას შორის სხვაობას. სახელმწიფო სამსახურში დამოკიდებული ხარ ხელფასზე, კერძოში – შენს მუშაობაზე. მე კერძოც გამოცდილი მაქვს, სახელმწიფო სამსახური ბავშვობაში გავლილი მაქვს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობები: ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რაღა უნდა გავიარო ახლა?” – განაცხადა ჟვანიამ.
ინფორმაციისთვის, ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა, რომელიც მანამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი იყო.კანდელაკმა ამ თანამდებობაზე სწორედ ლაშა ჟვანია შეცვალა.
ipn.ge