“ირაკლი კობახიძე: “ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა”.
იმის მაგივრად, რომ სამებაში გამოდებული სტალინის რუსული ხატი დაგმოს, ჩემს ირონიულ რეპლიკაზე ბოდავს რაღაცას…
დიახ, “7 იანვარი” დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური.
პოლიტიკური რომ არ იყოს, არც უკრაინის ეკლესია დაიწყებდა შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს და არც ყველაზე დიდი ქართველი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია ცდიდა 25 დეკემბრის ტრადიციის აღდგენას!
იქ, სადაც რელიგიაა, ცხადია დავა აბსურდულიც კია – გნებავთ, იულიუს კეისრის კალენდრის მიხედვით (7 იანვარი) აღნიშნეთ შობა და გნებავთ, პაპ გრიგორიუსის (25 დეკემბერი), მაგრამ აბსურდული არაა საფრთხე, რომელიც რუსეთზე ბმულობას გულისხმობს…
ამბროსი ხელაის გადაწყვეტილება რუსეთისგან დისტანცირების ნაბიჯია… 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტია!
მაგრამ თქვენ გირჩევნიათ სტალინის ხატები გედგათ სამების ტაძარში და ვინც კი ანტირუსულობისა და ეროვნულობისკენ მოგიწოდებთ, “მტრის ხატებად” შერაცხოთ…”, – წერს მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მწერალმა ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში 7 იანვარს დაწერა: “გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით”.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტის საპასუხოდ დაწერა:
ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა. ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს.”