ლატვიის სეიმმა ქვეყნის „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან, „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტში დებატები 12 საათს გაგრძელდა. კანონპროექტს 100-წევრიან პარლამენტში მხარი დაუჭირა 56-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 32-მა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.
რიგაში, ლატვიის პარლამენტის შენობის წინ ოთხშაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტამბოლის კონვენციის დენონსაციის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით. ისინი დეპუტატებს პოპულიზმსა და მოძალადეების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, 5000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებული და ათობით წევრი სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი „სტამბოლის კონვენცია“ ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად განსაზღვრავს და გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმას ეხება.
ლატვიაში კონვენციის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ზოგიერთი დოკუმენტს „გენდერის“ განმარტების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, არსებული ეროვნული კანონმდებლობა საკმარისია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
კონვენციას პირველად ხელი მოეწერა სტამბოლში 2011 წელს და ძალაში შევიდა სამი წლის შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დოკუმებტს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა.
ლატვია მეორე ქვეყანა იქნება, თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციას დატოვებს.