ლატვიის მოსახლეობის 21,6% სიღარიბის რისკის ქვეშ იყო

ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის (CSU) მიერ ჩატარებული შემოსავლებისა და ცხოვრების პირობების კვლევის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს 399 ათასი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 21,6 პროცენტი სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობისთვის განკარგვადი შემოსავლის (უკვე დაბეგრილი – რედ.) ოდენობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო.
შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობისთვის (18-64 წელი) სიღარიბის რისკი გასულ წელს 8,5%-მდე შემცირდა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, 2022 წელთან შედარებით. სიღარიბის რისკი მაღალი იყო წინასაპენსიო (55-64 წელი) ასაკობრივი ჯგუფისთვის (22,8%) და განსაკუთრებით მაღალი (25,5%) – 60-64 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის (ანუ, ამ კატეგორიაში შემავალ ყოველი მეოთხე მოქალაქეს სიღარიბის საფრთხე ემუქრებოდა).
გასულ წელს, განკარგვადი შემოსავლის ოდენობის ზრდასთან ერთად, სიღარიბის რისკის ზღვარიც გაიზარდა და ერთკაციანი ოჯახისთვის თვეში 641 ევროს მიაღწია (2022 წელს – თვეში 563 ევრო), ორშვილიანი ოჯახებისთვის კი სიღარიბის რისკის ზღურბლმა 2023 წელს თვეში 1346 ევრო შეადგინა (2022 წელს – თვეში 1182 ევრო).
სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი (32,7%) ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ლატგალიის (Latgale) რეგიონზე მოდიოდა, ხოლო ყველაზე დაბალი – რიგაზე (14,2%). სიღარიბის საფრთხის ქვეშ ვიძემეში ცხოვრობდა მოსახლეობის 29,8%, კურზემეში – 26,6%, ხოლო ზემგალეში – 22,2%.
მოწყვლადი ჯგუფებისთვის სიღარიბის რისკი გაიზარდა: უმუშევართა გაღარიბების რისკმა გასულ წელს 57,7%-ს მიაღწია, 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის – 41,4%-ს (2022 წელთან შედარებით, 4,1-პროცენტიანი ზრდა), ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის- 41,4%-ს (2022 წელთან შედარებით, 1,3-პროცენტიანი ზრდა); სიღარიბის რისკის ქვეშ აღმოჩნდა იმ ოჯახების 30,4% (ზრდა 0,8 პროცენტული პუნქტით), რომლებსაც ერთი ზრდასრული და კმაყოფაზე მყოფი ერთი შვილი ჰყავთ, ხოლო ორი ზრდასრული და სამი ან მეტი კმაყოფაზე მყოფი ბავშვის მქონე ოჯახებისთვის რისკის მაჩვენებელმა 20,8% (ზრდა 1,3 პროცენტული პუნქტით) შეადგინა… ამის საპირისპიროდ, მარტოხელა ხანდაზმული (65 წელზე უფროსი ასაკის) ადამიანების სიღარიბის რისკი ოდნავ შემცირდა: 2022 წელს ის 67.8%-ს შეადგენდა, 2023 წელს კი 66.3%-მდე დაიწია. დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისთვის სიღარიბის რისკი უცვლელი დარჩა.
სიღარიბის რისკთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ტრანსფერები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაწეული მიზნობრივი დახმარებიდან დაწყებული და პენსიებით დამთავრებული, რომლებიც სოციალური დაზღვევის ფონდში უვადო შენატანებზეა დაფუძნებული. თუმცა, ოჯახების შემოსავლებზე მათი გავლენა, წინა წლებთან შედარებით, ოდნავ შემცირდა. გასულ წელს სოციალურმა ტრანსფერებმა სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების წილი 16,2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სოციალური ტრანსფერების, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის, მათ შორის ხანდაზმულთა პენსიების არარსებობის პირობებში, 2023 წელს მოსახლეობის 37,8% სიღარიბის საფრთხის წინაშე დადგებოდა.
წყარო: 1 არხი