ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისში 102.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის რყევების შესამსუბუქებლად.
Galt&Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ჯამურად, 2024 წლის I ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 21.2%-ით გაიზარდა 2024 წლის ივნისში, წინა თვის 23.3%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 57.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივნისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 17.8% შეადგინა (+1.7% თ/თ). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 20.6%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 15.5% იყო; 2024 წლის ივნისში სესხების დოლარიზაცია, მცირედით, 45.2%-მდე შემცირდა (უცვლელი წ/წ და -0.45პპ თ/თ).
2024 წლის ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 54.8 მლრდ ლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 12.2%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, ივნისში ლარის დეპოზიტები წლიურად 21.3%-ით (+18.1% წინა თვეში) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 5.9% იყო (+6.3% წინა თვეში). შედეგად, ივნისში დეპოზიტების დოლარიზაცია 49.1%-მდე შემცირდა (-1.71პპ წ/წ და -0.74პპ თ/თ).
სებ-მა 2024 წლის ივნისში 102.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის რყევების შესამსუბუქებლად. ჯამურად, 2024 წლის I ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (იანვარ-აპრილში შეისყიდა 286.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მაისს-ივნისში გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.