ლარის კურსი 2.75-2.80-იან შუალედს შეინარჩუნებს – ფინანსისტი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის 2-3 თეთრიანი მერყეობა შეინიშნება.
ეკონომისტთა დიდი ნაწილი განმარტავს, რომ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების ან გამყარების არავითარი მიზეზი არ არსებობდა, ამიტომ კურსის დევალვაცია სპეკულაციის შედეგია.
საერთაშორისო კვლევების და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტის ნიკა შენგელიას აზრით, ლარის კურსი უახლოესი თვეების განმავლობაში 2.75-2.80-იან ნიშნულში იქნება.
„ბანკების აჟიოტაჟი იყო ის, რომ ლარი ცოტა ხნის წინ ასე გაუფასურდა. შემდეგ მოსახლეობას დოლარი ძვირად მიყიდეს და ახლა მიმდინარეობს შებრუნებული პროცესი. ასე ხდება წლების განმავლობაში და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის.
ხშირად მისაუბრია, რომ ნებისმიერი შემთხვევაში, კურსის მკვეთრი გაუფასურება ყოველთვის სრულდება მკვეთრი გამყარებით, იგივე ხდება ახლაც. ძირითადად ეს გამოწვეულია რაღაც აჟიოტაჟით, შეიძლება ხელოვნურად შექმნილი ვითარებით, რასაც დომინოს ეფექტი აქვს და ძირითადად პატარა გაუფასურებამ შესაძლოა, ფსიქოლოგიურად იმოქმედოს მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტზე, მაგრამ, როგორც წესი, აჟიოტაჟი მალე სრულდება ხოლმე და შემდეგ გაცვლითი კურსი თავის კალაპოტში ჯდება.
რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, ეროვნული ვალუტა პირველ ეტაპზე 2.76-2.77-ის ფარგლებში იქნება, უახლოეს თვეებში კი 2.75-2.80-იან შუალედს შეინარჩუნებს”, – ამბობს ნიკა შენგელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7860 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ