ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ საბედისწერო დროს მოვესწრებოდი…
როცა, 1999 წლის 27 აპრილს, ჩვენი დროშა ნელ-ნელა მიიკვლევდა ადგილს ევროპის ცაზე საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის, ის გზა სამუდამოდ გაკვალული მეგონა. მართლა ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველა! რადგანაც გვჯეროდა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა ჩვენი ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა…
დღეს თითქოს უკან დავბრუნდით და იმავე ბრძოლაში ვართ. შედეგად ყველაზე ადვილია მივეცეთ სასოწარკვეთილებას და დავყაროთ ფარ-ხმალი. მაგრამ ასეთი ძველი და მდიდარი გენეტიკური მეხსიერების მქონე ერისათვის ეს არ მოხდება. მან თავისთავად იცის, რომ ისტორიისთვის არ არის უცხო ასეთი საბედისწერო შემობრუნებები! მთავარია, გავიაზროთ ჩვენი ისტორიული გზა და გავაკეთოთ დასკვნები. იმავე ბრძოლაში ვართ, ოღონდ მეტი გამოცდილებით, რაც მთავარია – თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამოცდილებით. მეტი აქტიური მონაწილით. იმედია, მეტი სიბრძნით.
და ადამიანთა თავგანწირვის ისეთი საოცარი მაგალითებით, რომ გამარჯვება გარდუვალია.
და ახლა მომინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთი პატარა დაკვირვება, თუ განცდა: დღეს, ჩვენ თვალწინ, ერთი ჩვეულებრივი ქართული სიტყვა იძენს სულ სხვა, ღრმად სიმბოლურ მნიშვნელობას. ასეთი სიტყვაა „გადავიდა“ … ის უცებ ისეთი ტევადი გახდა! და იმდენ რამეს მოიცავს! გადავიდა, ანუ გაიაზრა, ან ემოციურად შეიგრძნო, რომ დღეს საჭიროა დათმოს ყველაფერი პირადი საერთო მიზნის მისაღწევად, რომ არის იმ დიდი ერთობის ნაწილი, რასაც სამშობლო ჰქვია, რომ მზად არის თავი გასწიროს მისთვის…
მე, მხრებზე მოკიდებული თითქმის ასი წლით დამძიმებული, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც გადავიდა… ან გადავა. და იმათ წინაშეც, ვინც ყოველ საღამოს დგას რუსთაველზე და „გადასულებს“ მთელი არსებით უჭერს მხარს. და იცის, რომ ხვალ, თუ საჭირო იქნება, მისი ჯერიც დადგება.
და, რა თქმა უნდა, ვინც გადავიდა და ამიტომ დღეს გისოსებს მიღმაა. და მათ ასევე არნახულად თავგანწირულ მშობლებს.
გარწმუნებთ, ეს არ არის განწირულის სულისკვეთება. ეს იმედის და გამარჯვების სულისკვეთებაა. და კიდევ ერთი დიდი ბრძოლა თავისუფლების, სამართლიანობის, კეთილდღეობის, და სიხარულისა და ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად” – წერს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.




