ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ს საქმეზე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარე, რომელიც დასკვნით სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო, განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში დაესწრო. მას დარბაზში მყოფი ადამიანები ტაშით შეხვდნენ.
გრიგორიადისს გამოძიება აქციების დროს პოლიციელების მიმიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. ეს დანაშაულები 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
· 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტს დღესვე მიმართავენ თხოვნით, შეიწყალოს ის.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.
31 მარტს 1 წელი გახდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს