ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გასული წლის მარტში დაკავებული ს საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. შეწყალებისა და საპატიმროს დატოვების მიუხედავად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქმის გასაჩივრება, რათა გადაწყვეტილება გადაიხედოს ან დარჩეს შესაძლებლობა სტრასბურგში სამართალწარმოების გაგრძელების.
კიდევ ერთი საქმე, რომელსაც ორგანიზაცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების სა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს შეეხება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა წარმოებაში მიეღო ღირსების შელახვის შესახებ საქმე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს. ორგანიზაციის იურისტი სამოქალაქო აქტივისტის დაცვას ახორციელებდა როგორც გამოძიების მიმდინარეობისას ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია:
· „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
· 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
· 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა.
· 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელი განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
· 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისმა მამა – ბექა გრიგორიადისი – დაჭრა.
· 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.
· 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა.
· 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
· ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონის“ მცირედით შეცვლილი რედაქცია.
· განაჩენის გამოცხადების დღესვე, 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.
· პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო 24 აპრილამდე ვერ გამოსცემდა.
· ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო 24 აპრილს დატოვა.