ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს – დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, პროცესი ორშაბათამდე გადაიწევს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულის, ს უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან.
გრიგორიადისის ადვოკატისთვის, ლიკა ბითაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, – განუცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.