ლაზარე აროშვილის საქმე | სააპელაციომ 5-წლიან პატიმრობაზე საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა

27 წლის ლაზარე აროშვილის დედა, რუსუდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კახაბერ მაჭავარიანმა ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება. ლაზარე აროშვილს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.
დედა ამბობს, რომ მოსამართლემ უგულებელყო ყველა სამართლებრივი არგუმენტი, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, ორი თვის წინ ქალაქის პროკურორი შეხვდა საქმის პროკურორთან ერთად და საპროცესო გარიგების გაფორმება შესთავაზეს.
“ლაპარაკი თავად ქალაქის პროკურორმა დაიწყო რევერანსებით: აი, ჩვენ ვხვდებით, რომ არამართლზომიერი სასჯელი დადგა, რომ საქმეში ბევრი საეჭვო ფაქტია და ა. შ. ბევრი ვიფიქრეთ, რით შეგვიძლია შეგიმსუბუქოთ ეს სასჯელი და მოვიფიქრეთო: 2 წელზე ჩამოვიყვანთ, მერე ყველაფერში დაგეხმარებით, განახევრება იქნება ეს თუ შეწყალებაო და მოკლედ, რამდენიმე თვეში გამოვაო. რატომ უკუვაგდეთ ეს წინადადება მეც და ლაზარემაც (არც კი განგვიხილავს): საპროცესო გულისხმობს დანაშაულის აღიარებას. ე. ი. ლაზარეს და დათოს უნდა ეღიარებინათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ; პიროვნული ღირსება, სამართლიანობისკენ სწრაფვა უნდა გაეცვალათ თავისუფლებაზე; როგორი იქნებოდა ეს “თავისუფლება”? – გატეხილი, სისტემის წინაშე მოკუნტული და თავჩაღუნული ადამიანის ყოფა, რომელსაც ვერ დავარქმევთ თავისუფლებას (ამას ემატება საფრთხე დაინტერესებული პოლიციელების მხრიდან, ან “ნასედკად” აქციონ, ან უკან შეაბრუნონ) მე ჩემი შვილი ასეთი ყოფისთვის არ გამიზრდია, არ გამიზრდია იმისთვის, რომ თავწახრილმა და წელში გატეხილმა გაატაროს წუთისოფელი; ახლა შევხედოთ “გულაჩვილებული” პროკურატურის საქციელს. როგორც კი უარი მიიღეს, დაივიწყეს სასჯელის არამართლზომიერებაც, საეჭვო გარემოებებიც და ისევ იგივე შემართებით გააგრძელეს ბრალდებების წაყენება”, – წერს რუსიკო კობახიძე.
მისივე თქმით, ყველა ქმედება მიუთითებს ერთ რამეზე, “რაც საკმაოდ მკაფიოდ განუმარტა ლაზარეს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ჯონი კოშაძემ: იცოდე, რომ აქ ქურდი მე ვარ!”
ცნობისთვის, 27 წლის ახალგაზრდა საქალაქო სასამართლომ 22 მარტს ძარცვასა და თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან, ჯონი კოშაძესთან მომხდარ უთანხმოებას უკავშირებენ.