ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს.
შედეგად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას გეგმავს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტერიალში, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს სკოპიეში გაიმართება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება სანქცირებული ლავროვის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ლავროვი გასულ კვირას მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია მიიღებდა მონაწილეობას ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში სკოპიეში, თუ ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის შესაბამისად, რუსეთს საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფრენის ნებართვა დროებითია და მოქმედებს ფრენის დაგეგმილ დროზე 3 საათით ადრე და 72 საათის შემდეგ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვს ნებართვა მიენიჭა ჩრდილოეთ მაკედონიის მოთხოვნით, მონაწილეობა მიიღოს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში, და გამონაკლისის სახით ევროკავშირის სანქციებისგან. ამასთან, ნებართვა არ ვრცელდება სერგეი ლავროვის დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე სანქცირებული არიან ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით.
სკოპიეში ელოდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა, მოსკოვის ცნობით, ლავროვის ოფისმა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ორმხრივი შეხვედრების მოთხოვნა მიიღო.
მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ასევე, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდტთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის — ჩრდილოეთ მაკედონიის — საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორ მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.