ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ დაბალანსებულად მოქმედებს, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ლადო პაპავას თქმით, შიდა ფაქტორების ერთობლიობა ქმნიდა იმ გარემოებას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირებულიყო.
„როდესაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მონეტარულ პოლიტიკას, ის ხელმძღვანელობს როგორც საერთაშორისო გარემოთი, ასევე იმით, თუ როგორია მაკროეკონომიკური სიტუაცია ქვეყნის შიგნით. მაკროეკონომიკური სიტუაცია ქვეყნის შიგნით საკმაოდ სტაბილურია, საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – 2023 წელს 7%-იანი და 2024 წელს პროგნოზი არის, რომ ზრდა იქნება 5%-იანი – ეს კარგი მაჩვენებელია“, – აღნიშნავს ლადო პაპავა.
მისივე თქმით, ლარი სტაბილურია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე აშკარად ნაკლებია. ასე რომ, ყველა შიდა ფაქტორი ქმნის იმ გარემოს რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირებულიყო.
„ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთის მხრივ ინფლაცია მოითოკა მსოფლიოში, მაგრამ ის ომები, რომლებიც მიმდინარეობს რუსეთის მიერ უკრაინაში, ისრაელსა და ჰამასს შორის ომი ეს ქმნის განუსაზღვრელობის საკმაოდ მაღალ დონეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არის აბსოლუტურად სწორი – მან 0,5 პპ-ით შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. უფრო მეტი ტემპით შემცირება იქნებოდა გაუმართლებელი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ხოლო მისი არ შემცირება კი იქნებოდა შეცდომა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გამო. ამიტომ ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლოგიკური. თუ საჭირო იქნება შემდეგ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს მარტში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გადაკვეთის შემცირებისა, ჩემი აზრით, არის სწორი. მე ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ დაბალანსებულად მოქმედებს და ამის შედეგია, რომ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით და შიდა მაკროეკონომიკური გარემოს საფუძველზე ის საკმაოდ ეფექტიანად მართავს ინფლაციის დონეს“, – აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.