კახეთში, ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის პროექტი აღარ განხორციელდება, – ამის შესახებ BM.GE-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში უთხრეს.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა საინვესტიციო ვალდებულებით, აუქციონის წესით, შპს „კასს სკაი ბრიჯსს“ ჰქონდა გადაცემული, რომელთანაც ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 2023 წელს საინვესტიციო ხელშეკრულება გაუქმდა.
„საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ეკოტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა კომპანიას 3 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა, თუმცა წინამოსამზადებელი სამუშაოების და კვლევების მიმდინარეობის პროცესში, მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რაც ლანდშაფტთან მიმართებით პროექტის განხორციელებას შეუძლებელს ხდიდა.
გარდა ამისა, იმავე პერიოდში არსებული COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემო შეიცვალა და ინვესტორისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება გარკვეულ ფორსმაჟორულ გარემოებებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ამგვარად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 2023 წელს მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმება“, – აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
უწყებაში აცხადებენ, რომ მართალია აღნიშნული პროექტი აღარ განხორციელდება, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტო მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების კუთხით სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს. იქნება ეს ლაგოდეხის თუ სხვა დაცული ტერიტორიები.
BM.GE ცდილობს, დამატებითი მიზეზების გასარკვევად კომპანიას დაუკავშირდეს.
