„კურორტების სააგენტოს ეფექტიანობა ნული იყო – ბაკურიანში ფეხით მოსიარულე, ცხენი, ვირი, ავტობუსი, ეტლი და დიდი მანქანა – ყველა ერთ სავალ გზაზე დადის“ – ლაშა ბერეკაშვილი

„კურორტების სააგენტოს ეფექტიანობა ნული იყო – ბაკურიანში ფეხით მოსიარულე, ცხენი, ვირი, ავტობუსი, ეტლი და დიდი მანქანა – ყველა ერთ სავალ გზაზე დადის“ – ლაშა ბერეკაშვილი
„კურორტების სააგენტოს ეფექტიანობა ნული იყო“ , – ასე ეხმაურება ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი კურორტების განვითარების სააგენტოს გაუქმებას და მისი ფუნქციების ტურიზმის ადმინისტრაციაში გადატანას.
შეგახსენებთ, „კურორტების განვითარების სააგენტო“, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა, უქმდება და მისი ფუნქციები „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ დაქვემდებარებაში გადადის. ტურიზმის ადმინისტრაციასთან შერწყმის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
როგორც ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში, სააგენტოს მხრიდან კურორტების განვითარების ხელშესაწყობად რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.
„იდეაში ერთი სხვა საქმეს აკეთებდა, მეორე სხვას, თუმცა მათი ფუნქციები იდენტური იყო. ევალებოდათ ამ ქვეყანაში ტურისტების მიღება და გამასპინძლება. თავიდანვე არ მიმაჩნდა სწორად, რომ ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა ერთი ფუნქციის მატარებელი ორი ორგანიზაცია.
თავისთავად ცხადია, ბიუჯეტის გასაწერად და თანხების გასაცემად იყო შექმნილი. მისი ეფექტურობა იყო ნული. არცერთ კურორტზე, არც სეზონის განმავლობაში, არც სეზონიდან სეზონამდე ღირებული, ხელშესახები რამ მათ არ გაუკეთებიათ. ვერ ვიტყვი, რომ მათ ორგანიზება გაუწიეს ან უკეთესობისკენ შეცვალეს რაიმე. არც მასპინძლებისთვის, არც ტურისტებისთვის ან დროებითი ვიზიტორებისთვის ეს არ მომხდარა.
კურორტების დეპარტამენტის ფუნქცია უნდა ყოფილიყო კურორტების განვითარება როგორც მარკეტინგულ, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. არცერთი ნორმალურად არ წარმართულა. ვფიქრობ, ეს უწყებათაშორისი ფუნქციების დუბლირება ყოველთვის იწვევს დამუხრუჭებულ მდგომარეობას. ერთმანეთს უყურებენ და ჰგონიათ, რომ ეს კონკრეტული ფუნქცია მეორე უწყებისაა და არა მისი.
როცა ყველაფერი ერთ ორგანოში იქნება თავმოყრილი, პასუხისმგებელიც ის იქნება. ამ შემთხვევაში, ტურიზმის დეპარტამენტი იქნება სრულად პასუხისმგებელი კურორტების განვითარების ნაწილზეც. მუშაობაში რამდენად ეფექტური იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ რომ უნდა ყოფილიყო თავიდანვე, ეს ნამდვილად ვიცი“, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა კურორტების განვითარების სააგენტოს არაეფექტური მუშაობა, ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა კურორტზე არაორგანიზებულობის პრობლემაა, რისი აღმოფხვრაც პირდაპირ ამ სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენდა.
„არაეფექტიანი იყო მათი მუშაობა. ადგილზე ვინც ყოფილა ან დაუსვენია ამა თუ იმ კურორტზე, პირველივე შესვლის შთაბეჭდილება მიგახვედრებთ, რატომ ვამბობ ამას. ეგრევე შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არაორგანიზებულია. ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ მომზადებული სტუმრების მისაღებად და ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. თუნდაც ბაკურიანი და გუდაური ავიღოთ, სადაც განსაკუთრებული პრობლემებია ყოველთვის. პრობლემურია სველი წერტილების მდგომარეობა, საპარკინგე სივრცეების არარსებობა, საფეხმავლო სივრცეების არ არსებობა. ბაკურიანში ფეხით მოსიარულე, ცხენი, ვირი, ავტობუსი, ეტლი და დიდი მანქანა – ყველა ერთ სავალ გზაზე დადის. კურორტი კი არა, ბანგლადეშის დონის განვითარებაა“, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.
www.bpn.ge