კუპრაძე: გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავენ. კუპრაძემ ეს ინტერპრესნიუსთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ მსგავს რამეს პარტია არასდროს განიხილავდა.
“ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. გახარიას მიმართ, წლების განმავლობაში საზოგადოებას და ლელოს აქვს კითხვები წარსულთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს.
გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს. არც წარსულში ყოფილა მსგავსი რამ, არც ახლა არსებობს და არც მომავალში არ იქნება. წინასაარჩევნოდ არ განვიხილავთ მათთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მგონია, რომ თავის დროზე შეიძლება კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ” – თქვა კუპრაძემ.
16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის ლელოა, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.