კუპრაძე ბოკუჩავას ერთიან სიაზე: ცუდი ინფორმატორები გყავს ან მხოლოდ თქვენი სურვილებია

პარტია ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე შიდა კვლევებთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას პასუხობს. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობა არ იყო აქტუალური.
კუპრაძის თქმით, ბოკუჩავას ან ცუდი ინფორმატორები ჰყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ “სურვილებია”.
“ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა. კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა – სინამდვილეში “ერთიანი სია”, არ არის გამარჯვების ფორმულა.
არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა. დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი “ვიცი, ყურში მითხრეს” მიდგომა!
არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიომიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე”, – წერს კუპრაძე.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ფორმულას ეთერში მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც ეთანხმება არა ერთიანი სიის, არამედ ალტერნატიული ცენტრის იდეას – ნაციონალური მოძრაობის გარეშე. გადაცემა ღამის კომენტარში საუბრისას თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ხაზარაძის განცხადებით “უკიდურესად იმედგაცრუებულია”. მან აღნიშნა, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კვლევით – იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ნაციონალური მოძრაობაც.