კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დავით დოიაშვილს, რომელიც გუშინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სოლიდარობა დავით დოიაშვილს, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, არა რეპრესიებს!”. აქციის მონაწილეების შეფასებით, დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის „ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული მორიგი რეპრესიული ნაბიჯი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და ცენზურას ცდილობს.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან “არაერთგზის გაფრთხილების” მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ “ვალდებულებას არ ასრულებდა”, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.