„კრისტალმა“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად შვეიცარიული ფონდი – responsAbility Investment AG – კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. responsAbility კრისტალის გრძელვადიანი პარტნიორია, რომლის სხვადასხვა ფონდთან კომპანიას არაერთი წარმატებული გარიგება აქვს განხორციელებული.
მიღებული რესურსი საშუალებას მისცემს კრისტალს, მიკრობანკის სტატუსით გააგრძელოს ინოვაციების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა,
განამტკიცოს საბანკო შესაძლებლობები და მომხმარებელს ფინანსური გადაწყვეტილებების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზოს.
„მოხარულები ვართ, რომ responsAbility-სთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც „კრისტალი“ საქმიანობას მიკრობანკის სტატუსით საქმიანობს. მიღებული რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობა, განვაგრძოთ მათი მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.” – განაცხადა „კრისტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია რევიამ.
2025 წლისთვის, responsibility-სა და კრისტალს შორის თანამშრომლობა 10 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად მათ ერთობლივად 80 მილიონი ლარის კონტრიბუცია განახორციელეს.
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.
responsibility-ის შესახებ
responsAbility Investments AG აქტივების მმართველი წამყვანი ფონდია, რომლის საქმიანობა მოიცავს ინვესტირებას კერძო ბაზარზე, ფოკუსით სამ მიმართულებაზე. აღნიშნული სამი მიმართულება პირდაპირ ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერას: ფინანსური ჩართულობა, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად; კლიმატის დაფინანსება, ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად; და მდგრადი საკვები, მუდმივად მზარდი მოსახლეობის მდგრადი კვების უზრუნველსაყოფად. უკუგების პარალელურად, responsibility-ის ყველა ინვესტიცია მიზნად ისახავს კონკრეტული, გაზომვადი შედეგების მიღწევას.
2003 წელს დაარსების დღიდან, responsAbility-ს განხორციელებული აქვს 16.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. 7 ოფისში დასაქმებული 270-ზე მეტი თანამშრომლით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია მართავს 5,4 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს, რომლებიც ინვესტირებულია 70-მდე ქვეყანაში მოქმედ დაახლოებით 300 კომპანიაში. 2022 წლიდან responsAbility არის M&G plc-ის, საერთაშორისო დანაზოგებისა და ინვესტიციების ქსელის წევრი და ხელს უწყობს M&G-ის შესაძლებლობების გაძლიერებას ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
