მედიისთვის დღეს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყება პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა თარჯიმნების მონაწილეობით.
უშაკოვის თანახმად, პუტინის და ტრამპის პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდება სამუშაო საუზმის ფორმატით, რომელშიც პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორივე მხრიდან 5-5 წარმომადგენელი. მათ შორის იური უშაკოვიც იქნება.
პუტინის თანაშემწის გარდა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები სერგეი ლავროვი, ანდრეი ბელოუსოვი და ანტონ სილუანოვი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
უშაკოვის თქმით, ცნობილია ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაც, რომელსაც ვაშინგტონი თავად დაასახელებს.
პუტინის თანაშემწის განცხადებით, სამიტის დღის წესრიგის „ცენტრალური თემა იქნება უკრაინის კრიზისის დარეგულირება“, თუმცა განხილული იქნება სხვა, „ყველაზე მწვავე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები”. უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტრამპის და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დღეს, 14 აგვისტოს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ალასკის ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზისკენ გაემგზავრა სპეციალური ბორტი, თვითმფრინავი ილ-96, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა პუტინი-ტრამპის სამიტის მოსამზადებლად შექმნილი „მოწინავე ჯგუფი“.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ონლაინ-შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს. ევროპელი ლიდერები ვარაუდობენ, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განახადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.
ფორუმი
