“ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს უკრაინამ რუსეთის დაწყებულ ომში, რადგან უკრაინის გამარჯვებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაც.
ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის აშენებაზე კი კოფი ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხეს როგორც პოლიტიკური და ფიზიკური, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების მხრივ წარმოადგენს. ლუკ კოფის “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუ დარედაქტირებულია სიცხადისა და შემოკლების მიზნით.
როგორ აისახება უკრაინის ომი შავი ზღვის აუზის ექვსივე ქვეყნის უსაფრთხოებაზე?
ეს მთლიანად გარდაქმნის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ლანდშაფტს. მოგეხსენებათ, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ვსაუბრობდით შავი ზღვის რუსეთის ტბად გადაქცევაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული გარკვეული მოქმედებებისა და თურქეთის მიერ მონტროს კონვენციით გათვალისწინებული ზოგიერთ შეზღუდვის ამოქმედების გამო, რეალურად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ. ვხედავთ რუსეთის საზღვაო ფლოტის მარგინალიზაციას შავ ზღვაში. ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აფართოებს საკუთარ მოქმედებებს და უკვე აღწევს შავ ზღვაში რუსულ გემებამდე. და ვხედავთ, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი მხარე, რომელიც ამ სიტუაციიდან ყველაზე დიდ სარგებელს იღებს.
რამდენადაა თურქეთი თანახმა შავ ზღვაში რუსეთის დომინაცია დაუშვას?
თუ ისინი გამოიყენებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ან იქ განლაგებულ ბაზებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ეს ბაზები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
ანკარაში შეშფოთებას იწვევს ის, რომ რუსეთის მიერ ყირიმზე სრული კონტროლის დაწესება რუსეთს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო დიდი მოთამაშე იყოს შავ ზღვაში. თურქეთსა და რუსეთს შორის მეტოქეობა მსოფლიოს ამ რეგიონში საუკუნეებს ითვლის. იყო მრავალი ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის, მათ შორის ყირიმის გამოც. როდესაც რუსეთს ორმხრივი შეთანხმება ჰქონდა უკრაინასთან ყირიმში ფლოტის განლაგებაზე, მაშინ როგორც გემების, ასევე ჯარისკაცების და შეიარაღების რაოდენობა შეზღუდული იყო. 2014 წლამდე მკაცრად იყო განსაზღვრული ის, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ – რამდენი ჯარისკაცი, გემი, თვითმფრინავი შეეძლოთ იქ ყოლოდათ. ახლა ყველა ეს შეზღუდვა მოიხსნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო. ეს თურქეთში შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, თურქეთი აცნობიერებს, რომ უკრაინელების მიერ ჩაძირული ან დაზიანებული ყოველი რუსული გემი ნიშნავს თურქეთის ფლოტის გაძლიერებას. ამიტომაც ხედავთ, რომ უკრაინასა და თურქეთს შორის საზღვაო საკითხებზე თანამშრომლობა მიმდინარეობს. თურქეთი ახლა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინისთვის ახალ გემებს აშენებს. ანკარას მიერ [ბოსფორის] სრუტის როგორც უკრაინული ასევე რუსული გემების შესვლის შეზღუდვა პირდაპირ შედის უკრაინის ინტერესებში. უკრაინის ფლოტი ხომ თითქმის მთლიანად ჩაძირა რუსეთმა ომის დაწყებისას. უკრაინა რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ არა საკუთარ ფლოტს, არამედ არასაზღვაო საშუალებებს იყენებს, როგორიცაა დრონები, ფრთოსანი რაკეტები თუ წყალქვეშა რაკეტები.
არსებობს როგორც ფიზიკური მტკიცებულებები, ასევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირეში – სადაც სხვათაშორის მე დავიბადე – ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. რას ნიშნავს ეს რუსეთის შესაძლებლობის თვალსაზრისით, რომ ეს ზღვა საკუთარ ტბად აქციოს?
ეს არის იმის შედეგი, რომ უკრაინელები შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების თუ ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ მიცემული ანტი-საზღვაო შეიარაღებით, რისკს უქმნიან რუსულ საზღვაო აქტივებს, რომლებიც ტრადიციულად ოკუპირებულ ყირიმში იყო განლაგებული. კომერციული სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ რუსეთმა გემების ნაწილი ყირიმიდან რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთის შავი სანაპირო ზოლის გასწვრივ არსებული პორტები არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ იქ დიდი ხნის განმავლობაში ამდენი გემი განთავსდეს და მათი მოვლა და შენახვა მოხდეს. ამის გამო, ისინი განიხილავენ სხვა შესაძლებლობებს, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოში მისი ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის შესახებ. ამის მაგალითი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონია, რომელიც რუსეთის ერთ დიდ სამხედრო გარნიზონად იქცა, ყოველ შემთხვევაში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. ახლა ბევრი მათგანი უკრაინაში გაგზავნეს სასიკვდილოდ. იგივე ხდება აფხაზეთშიც, განსაკუთრებით შავი ზღვის ფლოტის კონტექსტში.
რა საფრთხეს უკავშირდება საქართველოსთვის ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება?
რუსებმა ძალიან მცირე ქართული ფლოტი 2008 წელს გაანადგურეს და მას შემდეგ, საქართველოში ძალიან ცოტა გაკეთდა ამ საზღვაო შესაძლებლობების აღსადგენად. რუსეთი სრულად აკონტროლებს ოკუპირებულ აფხაზეთს. ისინი ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია და საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობამ იცის, რომ სინამდვილეში კულისებს მიღმა ყველაფერს რუსეთი აკეთებს და საქართველო საკუთარ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს და ეს არის საოკუპაციო ძალა.საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან უკვე არსებობს მუდმივი სამხედრო საფრთხე. შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის გახსნამ ეს საფრთხე გააძლიეროს, მაგრამ ეს საერთო სურათს არ შეცვლის, რადგან რუსული ძალები, იქნება ის ოკუპირებულ აფხაზეთში თუ ყირიმში, საფრთხეს მაინც უქმნის საქართველოს.
თუმცა, ის, რისი გაკეთებაც ამას შეუძლია არის ის, რომ საერთაშორისო ინვესტორები დააფიქროს. ყველამ ვიცით ანაკლიის პორტის და იმ დრამის შესახებ, რომელიც მას უკავშირდება. ნებისმიერი წინადადება საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის თუ სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, ინვესტორებისთვის დასაფიქრებელი თემა იქნება, თუ რამდენიმე კილომეტრში რუსული ბაზა მდებარეობს.
გარდა ამისა, თქვენ არ ახსენეთ ერთი ფაქტორი, რაზეც ცოტა ხნის წინ დაწერეთ, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზა გააჩენს საქართველოს ომში ჩართვის რისკს, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით როდის და როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ოკუპირებულ აფხაზეთში ბაზირებული რუსული გემები უკრაინას დაესხმება თავს, საქართველოს ის პორტი, სადაც ისინი იქნებიან ბაზირებული, უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება. ხედავთ ამ შესაძლებლობას?
როგორც საოკუპაციო ძალას, რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. თუ ისინი გამოიყენებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ან იქ განლაგებულ ბაზებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ეს ბაზები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება. უკრაინას სჭირდება სამ-ნაბიჯიანი მიდგომა ყირიმის მიმართ. პირველი – ქერჩის სრუტის გაუვნებელყოფა და სახმელეთო სატრანზიტო მარშრუტის განადგურებაა, რომლითაც რუსეთის მომარაგების ჯაჭვის ჩამოშლა იქნება შესაძლებელი. მეორე – შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების და ატაკამსების გამოყენებაა, რომლებიც ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ, ყირიმში რუსულ ბაზებზე თავდასასხმელად. და მაშინ, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება ყირიმიდან ყველაფერი რუსეთის ფედერაციაში გაიყვანოს, ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ რუსებს იქაც დაესხან თავს. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტს უსაფრთხო ადგილი არ ჰქონდეს. მხოლოდ ამით შევძლებთ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას.
დიახ, შესაძლებელია რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთში საზღვაო ბაზად გამოიყენოს და უკრაინას იქიდან შეუტიოს. და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რუსეთს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა თუ უკრაინა გადაწყვეტს რაიმე მოიმოქმედოს ამ ბაზების წინააღმდეგ.
რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ მომენტში იმისთვის, რომ ამ პრობლემას წარმატებით გაართვას თავი?
ვფიქრობ, კარგი იქნება ხელისუფლების მხრიდან რიტორიკის შეცვლა. საქართველოსთვის საუკეთესო პოლიტიკა, ვფიქრობ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების დაპირების გაგრძელებაა. მთავრობის ზოგიერთი წევრი ხშირად მაბრალებს იმას, რომ მინდა საქართველო ომში ჩაერთოს. მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა – საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი არ უნდა გაუხსნას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველო უნდა დარჩეს საკუთარი დაპირების ერთგული, რომ ოკუპაციის დასამთავრებლად ძალას არ გამოიყენებს. თუმცა, მთავრობის ზოგიერთი განცხადება რუსეთის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს, ან ზოგჯერ შეესაბამება კიდეც იმას, რაც მოსკოვიდან გვესმის. ეს შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ჯობს საერთოდ არაფერი თქვა, ვიდრე გაიმეორო მესიჯები, რომლებიც ჩვენ კრემლიდან გვესმის.
როგორ შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დახმარება?
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა. სანამ საქართველო ასრულებს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას, ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, თუ ამისთვის სათანადო ლიდერები გვეყოლება, რომლებიც გამოსავლის მონახვას ეცდებიან. დასავლეთში პოლიტიკის მწარმოებლები ახლა უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ შესაძლებელია რუსეთი ამ ომში დამარცხდეს, რასაც უდიდესი გავლენა ექნება მთელ რეგიონზე, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო ძალებზე საქართველოში.
თუ უკრაინას სამხედრო გზით გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ ვინ იცის რა მოხდება რუსეთში? ვინ იცის, რა ბედი ეწევა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განლაგებულ რუსულ საოკუპაციო ძალებს. შეერთებული შტატები და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რაიმე გაუთვალისწინებელი ინციდენტის შემთხვევაში საქართველოს დახმარება გაუწიოს.