4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კოტე კოკაიას ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
როგორც ადვოკატი ნეტგაზეთთან ამბობს, 64 წლის კოტე კოკაიამ თვალში დაზიანება 4 ოქტომბრის აქციაზე საპოლიციო ძალის წარმომადგენელმა მიაყენა.
ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით კოტე კოკაიას რაიმე სახის სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა, რომ თავად კოკაიამ ექიმთან ვიზიტი 13 ოქტომბერს მოითხოვა.
„რამდენიმე წუთის წინ გამოვედი პენიტენციური დაწესებულებიდან, ბატონი კოტე მოვინახულე ბატონი კოტე. ცალ თვალში აქვს მხედველობა დაკარგული. უშუალოდ საპროტესტო აქციის დროს, 4 ოქტომბერს მოხდა დაზიანების მიყენება ისეთ ვითარებაში, რომ იქ აქტივისტი არავინ დაარტყამდა. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, ცდილობდა, რომ დაეწყნარებინა როგორც აქციის მონაწილეები, ასევე გდდ-ს წარმომადგენლები, რომ ერთმანეთში არ მომხდარიყო ესკალაცია. უნდოდა, რომ შიგნით მყოფი ადამიანები გამოეყვანა და რამდენიმე გამოიყვანა კიდეც და დაამშვიდა, ამ დროს ჯერ შეასხეს წიწაკის სპრეი და შემდეგ ჩაარტყეს ბლაგვის საგანი. ეს იყო გაზის კაფსულა თუ პირობითად ხელკეტი, ამას ვერც თავად ადასტურებს, რადგან მხედველობა უკვე ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ ვერ გაიაზრა, მაგრამ მყარი საგანი რომ იყო, ეს იგრძნო.
ჯერჯერობით მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით არანაირი სამედიცინო დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ეს რეალურად ახალია. პირველად ეს ადამიანი 9 თუ 10 ოქტომბერს მოვინახულე, მაშინ გართულებული ჰქონდა მხედველობა, თუმცა არ იყო ასეთ მდგომარეობაში. ახლა კიდევ უფრო მეტად გართულებული აქვს და ვერც იმას კითხულობს ფურცელზე რა წერია და მეც ვერ დამინახა დღეს წესიერად“, – აცხადებს გიორგი ჩხეიძე.
ადვოკატის თქმით, კოტე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, თვალის არეში მიყენებულ დაზიანებებზე, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია სასამართლოშიც წარადგინეს, როცა აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, თუმცა მოსამართლემ არცერთი არ გაითვალისწინა.
„ამ ადამიანს გულზე 5 შუნტი ადევს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც წარვუდგინეთ სასამართლოს. ასევე ის გარემოება, რომ რეალურად ეს ადამიანი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ სრულ გამოკვლევებს იტარებს გულის პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე ის გარემოება, რომ სისტემატურად არის დამოკიდებული მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, ამ ყველაფერს ადასტურებს ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც წარვუდგინეთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების განხილვისას და თუმცა მოსამართლე არ გაეცნო ჩვენ მიერ წარდგენილ 7 თუ 8 ფორმა ასს.
იმ გარემოებას, რომ თვალთან აქვს დაზიანებები, ადასტურებს ის, რომ როდესაც ბატონი კოტე 4 ოქტომბერს ღამით სახლში მივიდა, გამოიძახა სასწრაფო და არსებობს შესაბამისი ფურცელი ადასტურებს ამ გარემოებას, რომელიც ასევე წარვადგინეთ სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ ყურადღება არ გაამახვილა“, – აცხადებს გიორგი ჩხეიძე.
ადვოკატის თქმით, ვინაიდან კოტე კოკაიას მოთხოვნას ექიმთან ვიზიტზე რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს, 15 ოქტომბერს, პენიტენციურ დაწესებულებას თავადაც მიმართა, რომ მას სამედიცინო შემოწმება დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს.
„ორშაბათს თავადაც მოითხოვა ოფთალმოლოგთან, კარდიოლოგთან და რამდენიმე ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნა, მაგრამ ამ დრომდე რაიმე სახის რეაგირება არ მომხდარა, ჩვენ დამატებითი განცხადება შევიტანეთ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ სასწრაფოდ ჩართონ განსაკუთრებით ოფთალმოლოგი“, – აცხადებს გიორგი ჩხეიძე.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირი დააკავეს. მათგან მხოლოდ 2-ს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და გრაფიკულ დიზაინერს, ია დარახველიძეს შეუფარდეს აღკვეთ ღონისძიებად გირაო და გაათავისუფლეს. დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დაკავებული არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
