ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო, კიდევ ერთხელ ბოდიშს უხდის.
ის ვიდეოში ამბობს, რომ “შეიქმნა გარემოებები”, რის გამოც იძულებულია, ბოდიში მოიხადოს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა გარემოებებზე საუბრობს.
“ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად, უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი არ მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს”, – ამბობს კოტე იოსელიანი.
კოტე იოსელიანს Facebook-ის პირად გვერდზე ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე ბოლო საჯარო აქტივობა 2020 წლის დეკემბერში აქვს.
2018 წელს Netgazeti წერდა, რომ კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილისა და ქართული ოცნების იმდროინდელი მაღალჩინოსნის სასიყვარულო ურთიერთობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით, ბოდიში მოიხადა და მალევე, აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
