„კონსტრუქციული თანამშრომლობა და არა გარჩევები მედიით“ – შეიცვალა თუ არა ურთიერთობა ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის?

იმედია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება და არ ექნება მედიაში გარჩევის ფორმა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამის შესახებ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.
jandacva.ge დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სექტორს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან და შეიცვალა თუ არა მიდგომები უწყების მხრიდან.
კოკიაშვილი ამბობს, რომ დეტალებსა და კონკრეტიკაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში გადაგზავნილი აქვთ გარკვეული წინადადებები და პასუხს ელოდებიან. საუბარი შეეხება რეფერენტულ ფასებსა და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე სხვა საკითხებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს მხარეებს შორის მწვავე ურთიერთბრალდებების საგანი იყო.
გასული წლის 2 აგვისტოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია ქართული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასა და სექტორის რეპუტაციის შელახვაზე სამინისტროს მხრიდან. ასოციაცია ბაზარზე არსებულ დეფიციტს რეფერენტული ფასების პოლიტიკით ხსნიდა. ასოციაციის განცხადების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი ყველა ასპექტში ხარვეზიანია, არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი.
ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.
ფარმაცევტულ სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთბრალდებების თემებს შორის ყველაზე მწვავე იყო ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების საკითხი.
გასულ წელს, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების შეთანხმებული დადგენისა და ფასების ფიქსაციის მიზეზით კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმეების განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ