თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის თანამშრომლის, ქრისტინა ჩუბინიძის თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, შრომითი ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყვიტეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 13 იანვარს გაიგო.
“სამსახურიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით. უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო. არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა. 31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ფაქტს ოფიციალურად ვიგებ გუშინ, 13 იანვარს, ისიც ჩემი მოთხოვნით მომეწოდა ინფორმაცია… შევეშვათ იურიდიულ შეფასებას. ადამიანურად ამ დამოკიდებულებამ ძალიან, ძალიან მატკინა გული”, – წერს ჩუბინიძე.
ის მის გათავისუფლების წინაპირობად მერის, კახა კალაძისა და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს მიიჩნევს, რომლებიც “სათანადო რეაგირებით, დაემუქრნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ჩუბინიძე საუბრობს იმ წნეხზეც, რაც ბოლო კვირების განმავლობაში, უწყვეტი პროევროპული აქციების პარალელურად, თბილისის მერიაში არსებობს. მისივე თქმით, ამ წნეხის შემდეგ საჯარო მოხელეთა ნაწილმა, რომლებმაც თავდაპირველად ხელი მოაწერეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერ განცხადებას, მოგვიანებით ეს ხელმოწერები გააუქმეს.