კონკურენციის სააგენტომ 8 საქმის მოკვლევა დაასრულა და ყველაზე დიდი თანხით ფარმაცევტული სექტორი დააჯარიმა – 2023 წლის ანგარიში

2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 58 419 983 ლარია. ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
ამ თანხის თითქმის 90% – 53 000 000 ლარამდე სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიები დააჯარიმა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების მიმართულებით ჯარიმა – 70 209 ლარი იყო.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გასულ წელს 8 საქმის მოკვლევა დაასრულა.
2 შემთხვევაში – მთარგმნელობითი მომსახურებისა და ქალაქის ტურის მომსახურების საქმეებზე, განმეორებითი ჯარიმა გამოიწერა;
მიმდინარეობს მოკვლევა კიდევ 2 საქმეზე. ესენია: „რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევა.
8 საქმეზე დასრულებული მოკვლევიდან გამორჩეული და ყველაზე ხმაურიანი იყო 3 შეთანხმებული ქმედების ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზრებთან.
ფარმაცევტული ბაზრის საქმე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. საკითხი ეხებოდა – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.
ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
· ავერსი დაჯარიმდა 14 402 425 ლარით;
· გეფა – 20 349 336 ლარით;
· პსპ – 17 094 872 ლარით;
· მერმისი – 951 301 ლარით.
კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმე
კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.
· ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო “) – 1 120 562 ლარი;
· შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი “TBC Bank Group PLC”) – 544 328 ლარი;
· შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი.
ნავთობკომპანიების საქმე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დადასტურდა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.
სააგენტომ 5 ეკონომიკური აგენტი ჯამში 4 მლნ ლარამდე დააჯარიმა:
· შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია” – 1 073 998 ლარი;
· შპს “რომპეტროლ საქართველო” – 987 886 ლარი;
· შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 719 310 ლარი;
· სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 693 576 ლარი;
· შპს “ლუკოილ ჯორჯია” – 450 590 ლარი.
გასულ წელს სააგენტომ კიდევ 5 საქმეზე დაასრულა მოკვლევა.
1. საზღვაო გადაზიდვების სექტორში არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ სააგენტომ მოკვლევა MGL GEORGIA-ს საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი – დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა.
2. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მიერ კონკურენციის შემზღუდველი ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხებოდა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
3. სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს ,,მექსიკური ჰოთ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ. მოკვლევის შედეგად დადასტურდა – მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2 კომპანიას (,,მექსიკური ჰოთ-დოგი წერეთელზე“ და ,,მექსიკური წერეთელზე N1) შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ.
4. სააგენტომ, ,,თბილისის თამბაქოს“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა მომჩივანი მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეწყვიტა.
5.კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დაადგინა. „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.