კონკურენციის სააგენტომ 5 მოვაჭრეს ჯარიმა დააკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის ივნისის თვეში, 5 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, დაჯარიმდნენ:
· შპს „ოპატრეიდი“ – 6524 ლარი და 68 თეთრი;
· ნუგზარ ყურბანოვი – 600 ლარი;
· ანარ ასლანოვი – 600 ლარი;
· შპს „9 დრაგონს იმპერია“ – 600 ლარი;
· ონლაინ მაღაზია „urbanindustry” – 600 ლარი;
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ინფორმაციისთვის, 2023 წლიდან დღემდე, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 40 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 50 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი.