კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა.
სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ: ავერსის, გეფას(ჯი პი სი და ფარმადეპო), პსპ-ს და მერმისის, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.
მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:
· 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით
· 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით
· 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით
სააგენტოს ცნობით, ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
· ავერსი- 14 402 425 ლარი;
· გეფა – 20 349 336 ლარი;
· პსპ – 17 094 872 ლარი;
· მერმისი – 951 301 ლარი.
„ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს“, – აცხადებს კონკურენციის სააგენტო.
სააგენტოს განცხადებით, მათ მოკვლევის დაწყების საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია იყო.
მათივე ცნობით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის – ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი და ეს კა იმპექსის მიმართ აწარმოებდა და საკითხის შესწავლის პროცესში, ეს კა იმპექსის მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.

ასევე დაგაინტერესებთ