„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პირობებში როცა მმართველ გუნდზე „წნეხი და ზეწოლა“ მიდიოდა, კონკრეტული პირებისგან საკუთარ სარგებელზე ფიქრი, ქვეყნის და გუნდის ღალატია.
ამის შესახებ მან ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა.
მიუხედავად ჟურნალისტების ჩაკითხვისა, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია ადანაშაულებს თუ არა ის ღალატში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს.
„ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. ასეთ ვითარებაში, როდესაც უამრავი მიმართულებით იყო ფრონტი გაშლილი, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთ მძიმე პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა, გვარებს არ ვასახელებ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია.
როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ამხელა ზეწოლა, წნეხი და უსამართლობაა, ასეთ პირობებში ადამიანი რომ ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასება გამოვიყენო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის შიგნით არსებულ კორუფციაზე ჯერ კიდევ 2023 წელს იყო ცნობილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდათ, რადგან 2024 წელი ურთულესი იყო.
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ როცა გარკვეული ინფორმაციები იყო უკვე ჩვენთვის ცნობილი, 2023 წლის დეკემბერში ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა განცხადებები და ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. ერთ-ერთი მთავარი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას.
2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ვიღაცებმა რაღაცები რომ ვიცოდით სწორედ ამის გამო, გაკეთდა კონკრეტული განცხადებები უკვე 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




