“კონკრეტული პირების დასასჯელად კანონები არ უნდა იცვლებოდეს” – ექსპერტი “ბაჩიაშვილით ინსპირირებულ” კანონპროექტზე

როგორ შეიცვლება საზოგადოების ქცევა მას შემდეგ, რაც “ოცნების” პარლამენტი “ბაჩიაშვილით ინპირირებულ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს? – ამ საკითხზე BMGTV-ის “ანალიტიკას” ეთერში სამართლის ეკონომიკური ანალიზის ექსპერტმა, დავით კლდიაშვილმა ისაუბრა.
ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირეს, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს – კანონპროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე დავით კლდიაშვილმა ისაუბრა.
“როდესაც დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პირმა მეორეს მიაყენა ზიანი, გარდა იმისა, რომ მას შეეფარდება საპატიმრო სასჯელი, თუკი სრულად არ აანაზღაურებს მიერ მიყენებულ ზიანს, რომელიც დათვალა სასამართლომ, შემდეგ, თითქმის ხდება “გაძევებული” საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მას აღარ აქვს უფლება, რომ, მაგალითად, მიიღოს საარსებო მინიმუმზე, 520 ლარზე მეტის შემოსავალი; ნებისმიერი შემოსავალი აუცილებლად საბანკო გადარიცხვის გზით უნდა მიიღოს; ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს, როგორც ფულადი, ისევე საცხოვრებელი სახით, და ეს შეიძლება იყოს ბავშვობის მეგობარი, ან ახლო, ან შორეული ნათესავი, რა მნიშვნელობა აქვს, ის მეგობარი, ან ის ადამიანი, რომელმაც შენ ხელი გამოგიწოდა, ასევე ხდება დანაშაულის თანამონაწილე. და შენ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ 16 წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვო. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სანამ ვალს არ გადაიხდი, მანამდე თითქმის ვერ ცხოვრობ. ვერ ცხოვრობ როგორც ფიზიკურად, ასევე ურთიერთობების კუთხით… ახლა უკვე კანონის დონეზე დგინდება, რომ თუ მეგობარს, ნათესავს, დას, ძმას ხელი გაუმართე, ეს უკვე დანაშაულია”, – აღნიშნავს დავით კლდიაშვილი.