ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა დაიწყო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ სერტიფიცირებამდე, 119-ე მოწვევის კანონმდებლებმა დრო საქართველოს საკითხის განხილვისთვისაც გამონახეს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ჯო უილსონმა, დემოკრატ კოლეგა სტივ კოენთან ერთად, “მეგობარი აქტი” თავიდან წარადგინა.
“მე და კონგრესმენ კოენს გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის, წინ აღუდგეს ივანიშვილს, მილიარდერს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი”,- უთხრა კონგრესმენმა უილსონმა “ამერიკის ხმას”.
თავდაპირველად, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონგრესისთვის მაისში წარდგენილი აქტი სანქციების დაწესებას გულისხმობდა და თუ აქამდე ამ აქტის მიხედვით, ამერიკის სანქციები მხოლოდ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს უნდა შეხებოდა, ახლა აქტში ნათქვამია, რომ ის “ქართული ოცნების” ყველა წევრსა და მათ ოჯახებსაც შეეხება.
კონგრესმენები “ამერიკის ხმას” ეუბნებიან, რომ ამ ნაბიჯით ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას უწესებენ.
უილსონი და კოენი “ამერიკის ხმასთან” განმარტავენ, რომ “მეგობარი აქტი” მხოლოდ სადამსჯელო ქმედებებს არ ითვალისწინებს და მას შემდეგ, რაც ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ურთიერთობების აღსადგენად და გასაუმჯობესებლად.
“მე და კონგრესმენი კოენი თავიდან წარვადგენთ „მეგობარი აქტს“, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების [საქართველოს საკითხზე] კვლავ ერთად მუშაობას. [მეგობარი აქტი] აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისადმი გვაქვს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად ვმუშაობთ, სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად, ასევე, ქართველი ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის, მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართველ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება”,- ამბობს უილსონი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ ბაიდენის ადმინსტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არის “ჯილდო ეროვნული ინტერესების დასაცავად”. მან ასევე ბევჯერ გაიმეორა, რომ იმედი აქვს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ურთიერთობები ამერიკა-საქართველოს შორის გადაიტვირთება და გაუმჯობესდება. კობახიძის თქმით, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის აღგენა, რომელიც ერთი თვის წინ, ვაშინგტონის ინიციატივით შეწყდა, მათი მთავრობის პრიორიტეტია.
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობა ახლა რესპუბლიკელებს აქვთ და ეს ასე გაგრძელდება, სულ ცოტა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. სწორედ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს ვკითხეთ, რას ფიქრობს ის “ქართული ოცნების” იმედებზე, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად, საქართველო- ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდში უკვე არიან ისეთი ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას 2020 წლიდან ითხოვს, ამიტომ ამაზე იმედების დამყარებას კონგრესმენი უილსონი არავის ურჩევდა.
“მაიკ უოლცი, რომელიც [პრეზიდენტ ტრამპის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, 2020 წელს ივანიშვილის სანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის სანქცირება იყო მოთხოვნილი. მაიკ ჯონსონი, მაიკ უოლცი და მარკო რუბიო, ყველა მუშაობს დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით, რომ მხარი დაუჭიროს თავისუფლებას და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგეები არიან”- გვეუბნება კონგრესმენი.
მან ასევე თქვა, რომ მისი აზრით, “ქართული ოცნება” ძალიან უახლოვდება ჩინეთისა და ირანის რეჟიმებს და ეს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მოწონებას არ დაიმსახურებს. კონგრესმენები იმასაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს მმართველი პარტია კრემლის მსგავსად მოქმედებს და “ქართული ოცნების” ქცევა, რუსეთთან მათი დაახლოება, სრულიად ალოგიკური და გაუგებარია.
“ქართველებმა უბრალოდ გორისკენ უნდა გაიხედონ, რათა გაიგონ, ვინაა პუტინი, რადგან პუტინი სტალინის მემკვიდრეა. მათ მთავრობას პუტინთან მიჯაჭვულობა სურს, ეს სტალინის სატელიტებთან შეთანხმებას ჰგავს. ზოგჯერ პოლიტიკაში ვხედავთ ალიანსებს, რომლებიც სრულიად უაზროა”,- ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
“მეგობარი აქტის” გარდა, რამდენიმე დღეში დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენს, რომელსაც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ჰქვია და გულისმხობს იმას, რომ ამ აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ამერიკის მთავრობა ლეგიტიმურად არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და შესაბამისად, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე – მის პრეზიდენტსა და პარლამენტს.