კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე არასათანადოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის მერიამ კონტრაქტი დროზე ადრე გაუწყვიტა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩააბარა. სწორედ შპს ერ ტე დე-მ გაიმარჯვა უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ამ კომპანიასთან გაფორმდა 18 იანვარს 14.9 მილიონიანი პროექტზე ხელშეკრულება.
კომპანიას ახალი კონტრაქტის შესასრულებლად ვადად 456 დღე აქვს განსაზღვრული.
ტენდერის ტექნიკური დოკუმანტაციის თანახმად
სამუშაოს შესრულების ადგილია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთი.
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 (ორი) წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
თბილისის მერიამ შპს „ერ ტე დე“-ს კონტრაქტი 16 იანვარს გაუწყვიტა.
შპს „ერ ტე დე“ 2013 წელსაა დაფუძნებული, დირექტორი და 100% წილის მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილია.
კომპანიას 411 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული tendermonitor.ge-ის მიხედვით მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება : 197 612 710 ლარია, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 168 022 125 ლარი. თავად ლუხუმ ქართლოსიშვილი კი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს შემომწირველია 2016 წელს მან პარტიის სასარგებლოდ 25 000 ლარი გაიღო.