კომიკოსი გარიკ ოგანესიანი საქართველოში არ შემოუშვეს.
როგორც ოგანესიანი წერს, მან საზღვრის გადმოკვეთა სომხეთის პასპორტით სცადა, თუმცა მაინც უარი მიიღო, ვინაიდან „არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
ოგანესიანი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა. სხვადასხვა შოუს გარდა, იგი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იუმორისტულ გადაცემაში, „ვეჩერნი ურგანტში“ მუშაობდა, რომელიც 2021 წელს, როგორც თავად ამბობს, ცენზურის გამო დატოვა.
ომის დაწყების შემდეგ, ოგანესიანმა გააკრიტიკა რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ შეუძლია არ ისაუბროს „უკრაინის ტერიტორიაზე საშინელ, დამპყრობელ ომზე“.
ოგანესიანს საქართველოში 17 ნოემბერს გამოსვლა უნდა ჰქონოდა – სტენდ-აპ კლუბ „ბუხარში“. შოუ უკვე გაუქმებულია.
ოგანესიანი უკვე მესამეჯერ არ შემოუშვეს საქართველოში. წინა ორი შემთხვევა 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე დაფიქსირდა.
„ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გასარკვევად შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს.