“კომენტარს არ ვაკეთებ” – პოლიციელი ზურაბ რუსიშვილი (ვიდეო)

აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინის საქმეზე დღეს პოლიციელი ზურაბ რუსიშვილი დაიკითხა.
საქმის მასალების მიხედვით, ის პირად ჩხრეკაში, დაკავებასა და ბინის ჩხრეკაში მონაწილეობდა.
როგორც მან აღნიშნა, ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკაში ავტომანქანაში ჩაატარეს, რა დროსაც ქურთუკიდან ამოიღეს ფხვნილისებრი ნივთიერება. პოლიციელის თქმით, ნივთიერება ამოიღო გიორგი ჩიკვაიძემ, თავად კი საჭესთან იჯდა და აკავებდა ბრალდებულს, რომელიც მისი თქმით, წინააღმდეგობას წევდა.
ამ გარემოების გამო, მოწმე პოლიციელის განცხადებით, ვიდეოგადაღება და ჩხრეკაზე ნეიტრალური პირის დასწრება ვერ მოახერხეს, რადგან კონცენტრირებული იყვნენ ჩხრეკის პროცესზე.
ბრალდებულმა მას კითხვები დაუსვა ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც, ასევე ჰკითხა, თუ რა უშლიდათ მათ ხელს გაეკეთებინათ აუდიო ჩანაწერი მაინც. იხილეთ „პუბლიკის” ვიდეო მოგვიანებით.
📌 2020 წლის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებები ვერ ჩაითვლება საკმარისად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის პირის მფლობელობაში დასადასტურებლად, მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. საკონსტიტუციო სასამართლო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის ხარისხის განმსაზღვრელად მიიჩნევს, იმას, თუ რამ გამოიწვია პოლიციელთა მხრიდან ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობა.
ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაისაჯა აქციებში მონაწილეობის გამო.