კოლსი: “თუკი დასავლეთში მართლაც აქვთ ასეთი კანონები, რატომ მოგიწოდებენ მისი უარყოფისკენ?”

„სად მიჰყავს საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს? ნამდვილად არა დასავლეთისკენ. ესაა „ალიკაპი“ საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკისთვის – ასეთია შეფასება, რომელსაც რამდენჯერმე იმეორებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი. ისაა ერთ-ერთი ინიციატორი და თანაავტორი იმ წერილისა, რომელსაც ხელს 14 ევროპული ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ და ერთხმად მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაიხმოს უკან ეს კანონპროექტი. ამბობენ, რომ მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან და არის „პუტინის ს სტილის კანონი“ – მსგავსი სულისკვეთებისა და მსგავსი მიზნის.
– საქართველოში გრძელდება პროტესტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ თაობაზე მმართველი გუნდის მიერ ხელმეორედ შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგ. თქვენ ერთ-ერთი ინიციატორი იყავით იმ საჯარო წერილის, რომელსაც ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები აწერენ ხელს და რომლითაც მთავრობას მოუწოდეთ, უკან გაიწვიოს ეს კანონპროექტი. რატომ უნდა გააკეთოს ეს მმართველმა გუნდმა?
– პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ასეთი იყო პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ, ამ კანონს პარლამენტიდან უპირობოდ გაიწვევდა. . მათ ეს გააკეთეს შარშან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვის პროცესში. რამდენიმე თვის შემდეგ, ევროკავშირმა თავისი დაპირება შეასრულა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ცხადია – გარკვეული დათქმებით. საქართველოს მმართველი პარტიისგან კი ახლა, მოულოდნელად, ვხედავთ უკუსვლას, რაც ეწინააღმდეგება მათსავე დადებულ პირობას.
საინტერესოა როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს ანალოგიებზე, თითქოს ევროკავშირს აქვს მსგავსი კანონები, ჩვენ ვიცით, ვის აქვს მსგავსი კანონმდებლობა. ქართული კანონპროექტის სტრუქტურა, ფორმა, სამიზნე შეესაბამება იმ კანონს, რომელიც ახლა მოქმედებს რუსეთში.
ამასთან, ეს ყველაფერი სულაც არ ეხება მხოლოდ მმართველ პარტიას. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პროტესტს, რომელიც მოჰყვა “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად ამ კანონპროექტის წარდგენას. საქართველოში უზარმაზარი პროტესტი ვნახეთ. ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში ამის გასაპროტესტებლად.
რა თქმა უნდა, ეს [კანონი] საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი – ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ასე რომ, ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას.
ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის ალიკაპი, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა.
ეს არაა მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული განგაში ამ კანონის პოტენციური მიღების რისკების თაობაზე, და რომ ეს საქართველოს წაიყვანს იმ მიმართულების აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს, რა მიმართულებით მიმავალ გზაზეც მის მოსახლეობას ამდენი ხანია ასე ძალიან სურს დაწინაურება. ეს საქართველოსთვის ახლა უდიდესი გამოწვევაა.
ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ეს არაა ის, რაც უბრალოდ სასურველია, რომ გაკეთდეს. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ.
ამასთან, ლატვია და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენ ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის უმთავრესი მომხრეებიც, საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესშიც, ვთავაზობდით ქვეყანას ჩვენს გამოცდილებას.
ახლა, ბოლო დროს ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმის თაობაზე, თუ საით მიდის ქვეყანა. კითხვებია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც მათი პოზიციის თაობაზე. მე ვმუშაობ ქართველ კოლეგებთან ერთად, როგორც მმართველ პარტიასთან, ისე – ოპოზიციასთან. ვსვამ ხოლმე ამგვარ შეკითხვებს და ხშირად თავს გასულელებულადაც კი ვგრძნობ, რაც მართლაც მტკივნეულია, რადგან ჩვენ გულწრფელად ვცდილობთ ჩავერთოთ, დაგეხმაროთ… ქართველი კოლეგები კი ხშირად გვპასუხობენ ერთგვარი ხელოვნური არგუმენტებით, თავის გამართლებით, რატომ აკეთებენ ამას.
თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა, და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი რეგულაციები, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი?
ჩემი კითხვაა, საით მიდის საქართველო ამით? რატომ არ დაუგმია საქართველოს პარლამენტს ში რუსეთის აგრესია? პასუხი მმართველი გუნდისგან იყო, რომ მათ სურთ ამის გაკეთება, მაგრამ ოპოზიციას არ უნდა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა და შესაბამისად, ვერ ახერხებენ ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევას, რათა ამას კენჭი უყარონ. ამგვარი განმარტება ვხვდები, რომ აბსურდია.
ასევე ვხედავთ, რომ საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რატომ? დიახ, შეიძლება იყოს ბევრი განმარტება, ახსნა, მე ვფიქრობ უფრო საბაბი, გამართლება. შემდეგ ვიხილეთ მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენა. ეს ყველაფერი ერთად გროვდება და საბოლოოდ გვიჩენს შეკითხვას: საით მიჰყავს მმართველ პარტიას ახლა საქართველო? არიან ისინი კვლავ უკან, რუსეთის ორბიტაზე? და ვინ მართავს პროცესებს ფარდის მიღმა? დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ეჭვები.
მაგრამ კანონს რომ დავუბრუნდეთ, ერთი რამ ძალიან ნათელია: თუ ეს კანონი მიღებული იქნება, მე არ მაქვს ილუზია იმის შესახებ, საით მიჰყავს “ქართულ ოცნებას” საქართველო და ეს არ არის დასავლეთისკენ მიმართულება.
– თქვენ ხსნით, როგორ ჰგავს ეს კანონპროექტი რუსეთში მოქმედ კანონს, თუმცა საქართველოს ხელისუფლლება განსაკუთრებით მწვავედ სწორედ ამგვარ შედარებაზე რეაგირებს და ამ პარალელს ეწინააღმდეგება. პარლამენტში მიკროფონსაც კი ურთავდნენ მათ, ვინც “რუსულ კანონს” ახსენებდა. ამასთან, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ თუკი ეს კანონი რამის ანალოგია, ეს სწორედ ევროკავშირსა და ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობაა. თქვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პარლამენტარი, კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატი ხართ, გვითხარით, არის თუ არა ეს მტკიცება საფუძვლიანი ან ლეგიტიმური?
– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონის რაობის შესახებ [ჩვენი] შეფასება არაა პოლიტიკოსების შეფასება, ესაა ექსპერტების შეფასება. არსებობს მექანიზმები, სადაც საქართველოს შეუძლია წარადგინოს ეს კანონპროექტი განსახილველად და იმის შესამოწმებლად, როგორ შეესაბამება ის დემოკრატიულ პრინციპებს. არსებობს ვენეციის კომისიაც. შეიძლება მისი შემოწმება ევროსაბჭოშიც.
საინტერესოა როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს ანალოგიებზე, თითქოს ევროკავშირს აქვს მსგავსი კანონები, ჩვენ ვიცით, ვის აქვს მსგავსი კანონმდებლობა. მისი [ქართული კანონპროექტის] სტრუქტურა, ფორმა, სამიზნე შეესაბამება იმ კანონს, რომელიც ახლა მოქმედებს რუსეთში.
ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას.
თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა, და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი დირექტივები და რეგულაციები…. მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, მაშინ რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი? ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
თუკი ამბობ, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს შესაბამისი კანონი, მაშინ რატომ მოგიწოდებს ამერიკა დამუხრუჭებისკენ იმ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც დემოკრატიას მრავალი კუთხით უქმნის საფრთხეს
თქვენ ახსენეთ კანდიდატის სტატუსი, როგორც ერთგვარი შედეგიც კი იმისა, რომ მთავრობამ გასულ წელს უკან წაიღო ეს კანონპროექტი. აგვიხსენით რა დევს სასწორზე, რა რეალური და ხელშესახები ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს? რა არის შეშფოთების გამომხატველ და კრიტიკულ განცხადებებს მიღმა?
ზიანი – არის ქართველი ხალხის თავისუფლებების შეზღუდვა. მათ მიერ საკუთარი უფლებების გამოყენების შეზღუდვა. ესაა ისეთი საბაზისო, ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, პოტენციურ წევრ სახელმწიფოში. ევროკავშირში ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით ვიღებთ, ამა თუ იმ ასპირანტი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იქნება ეს თუ – სხვა. ამგვარი ნაბიჯი კი ნამდვილად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ბლოკის წევრობას საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 % ემხრობა. ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატიც.
– მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. მათი უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსდება. თავადაც, საკანონმდებლო საქმიანობამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდით. გვითხარით, როგორ მოქმედებს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების ეს საერთაშორისო მექანიზმები, ნიშნავს თუ არა უცხოური დაფინანსება იმას, რომ ეს არასამთავრობოები უცხო ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს ატარებენ და შესაბამის სიაში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდნენ?
– ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ბოროტება ხშირად კარგ ზრახვებში იმალება. მთავარი კითხვა არის ერთადერთი: რატომ? რა მოტივაციით გააქვთ ეს კანონი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პროცესს გამოუთხრის ძირს?

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!