საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კოკა მორგოშია აძლევს ჩვენებას – “ალტ ინფოს” ლიდერმა და მოკლული ბიზნესმენის მეგობარმა სასამართლოს მოუყვა, რომ სანამ ლევან ჯანგველაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთს გაიცნობდნენ, მანამდე ბევრჯერ უსაუბრია ყოფილ გენერალურ პროკურორთან.
“ერთ-ერთ შეხვედრაზე ფარცხალაძემ მითხრა, ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო” – განაცხადა მორგოშიამ პროცესზე.
მოწმემ სასამართლოს ასევე უთხრა, რომ აფრხთილებდა ლევან ჯანგველაძეს, ფრთხილად ყოფილიყო ფარცხალაძესთან – (უკვე გაცნობის შემდეგ) ერთმანეთის დაბადების დღეებზეც დადიოდნენ, სანამ დაპირისპირება დაიწყებოდა”.
რაც შეეხება ფარცახალაძე-ჯანგველაძის დაპირისპირებას, მორგოშია ამბობს, რომ ის ბიზნესწილებს უკავშირდებოდა.
მკვლელობამდე ალბათ ორი კვირით ადრე, გოდერძიდან რომ ჩამოვიდა, სახლში ავედი მასთან. მაშინ მითხრა რომ 6-7 ადამიანი უნდა ავიყვანო დაცვაშიო – განაცხადა “ალტ ინფოს” ლიდერმა სასამართლოზე.
ამ საქმეზე ბრალდებულებიდან არც ერთს არ ვიცნობ, რამდენჯერმე მყავს მხოლოდ ჯოხაძე ნანახი. ლევან ჯანგველაძე ჩემი მეგობარია. 2003 წლიდან ვიცნობ. თბილისში ბიზნესი არ ჰქონია, რუსეთში უძრავი ქონება ჰქონდა.
პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე გადავიკვეთეთ რუსეთში მე და ოთარ რომანოვ ფარცხალაძე. წლების მანძილზე ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო. როცა ლევანს ველაპარაკე და ვკითხე რა საშიშროებას გრძნობდა ოთარი მისგან, მან მიპასუხა რომ არც კი იცოდა ოთარი ვინ იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლევანისგან გავიგე რომ ოთარი გაიცნო და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მე ლევანს ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ მასთან ფრთხილად ყოფილიყო. ერთმანეთის დაბადების დღეებზეც დადიოდნენ, სანამ დაპირისპირება დაიწყებოდა.ოთარზე სიგარეტების თემაზე იყო გაბრაზებული. ოთარს უთხოვია დახმარება, ჩემი ფინანსური ინტერესი არ არის, მეგობარს ვეხმარებიო და ლევანის უარმა გააბრაზა. ასევე ვაილდბერისის გადაზიდვებზეც საუბრობდნენ ოთარი და ლევანი, ეს თემა სადამდე მივიდა არ ვიცი. ლევანი ამ დაპირისპირებას და უკმაყოფილებას არც მალავდა.
მკვლელობამდე ალბათ ორი კვირით ადრე, გოდერძიდან რომ ჩამოვიდა, სახლში ავედი მასთან. მაშინ მითხრა რომ 6-7 ადამიანი უნდა ავიყვანო დაცვაშიო. ლევანს ნათესავებიც ეუბნებოდნენ, რომ სანამ თავის დაცვას დაიქირავებდა, მათი გამოეყენებინა. უბრალოდ მოქიას გარდაცვალება იყო ფორსმაჟორი და ვერ მოასწრო.
დათო მიქაძეს ერთადერთხელ შევხვდი, ფარცხალაძის გაცნობამდე და კაზინოს თემაზე გვქონდა დაძაბულობა, შემდეგ გიორგი მიქაძემ დამირეკა ძმის ახალგაზრდული შეცდომის გამო მომიბოდიშაო. ამის შემდეგ უკეთესად გაიცნო ოთარის დაბადების დღეზე დათო მიქაძე და მოგვიანებით გიორგი მიქაძეც”, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.




