რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური, სერგეი კობილაში, რომლის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 მარტს გასცა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პირადად მონაწილეობდა.
ცხინვალისთვის ბრძოლის დროს კობილაში, რომელიც მაშინ 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო, პირადად მართავდა მოიერიშე Су-25-ს, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მან კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. რუსული წყაროების ცნობით, მისი პოვნა და ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მაშინ ის ტყვედ აიყვანეს და შემდეგ გაცვალეს. ქართულ მედიაში გავრცელებული იყო ცნობებიც, რომ კობილაში ადგილობრივმა მოხუცმა ქალმა გადაარჩინა.
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სამხედრო მეთაურების ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში ცნო დამნაშავედ.
სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს.