კობიაშვილი: ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. კობიაშვილი წერს, რომ რუსულ კანონზე პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით ნაკრების ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე ზეწოლა ხორციელდება, რაც მისივე თქმით, მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა.
“წარმოუდგენელი მასშტაბის შეურაცხყოფა, ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, ისტორიაში პირველად, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად ევროპის შუაგულში, გერმანიაში საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ და ჩვენი ქვეყანა წარადგინონ. მინდა, პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
აქტუალური პროცესები დაიწყო თუ არა, საზოგადოებას მივმართე, რომ ფეხბურთელები ამ პროცესებში ჩართვისგან დაგვეცვა, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე, შეიძლება, ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება იყოს. ამის მიუხედავად, მათზე თავდასხმები არ წყდება. დღესაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მედიებში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეუაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად ისინი მართავენ, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება. ეს ის ადამიანები არიან, ვინც წლების წინ, როცა ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებსა და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ. ეს ის ადამიანები არიან, 26 მარტის წარმატების შემდეგ, სხვადასხვა ეთერში ნაკრების მაისურით რომ გამოგვეცხადნენ და ამ დიდ წარმატებაზე საუბრობდნენ, თითქოს უხაროდათ. არადა, გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავს და ცდილობს, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ერთიანობისა და გუნდურობის დანგრევას ცდილობენ. ფეხბურთელების დაშორიშორებასა და დაყოფას, ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ რომ მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. მზად არიან, სწორედ ამ პირად ინტერესებს შესწირონ ფეხბურთიც და ქვეყანაც. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი – ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით”. – წერს კობიაშვილი.
კობიაშვილი ამბობს, რომ მას ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არასოდეს ჰქონია და “ოპონენტებსაც” იგივეს მოუწოდებს.
“წლები და უამრავი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოვსულიყავით აქ, სადაც დღეს ვართ. მშენებლობის დაწყება საძირკველიდან მოგვიწია, რომ აქამდე მიგვეღწია. სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის, ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ასე იყო და მუდამ ასე იქნება.
დღეს, როცა ან “ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ” მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა იმის შანსი, რომ ერთიანობისთვის დავიტოვოთ პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი, შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ, ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ. იქნებ ერთხელ მაინც შევძლოთ, რომ ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათის მიუხედავად, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, საკუთარ საქმეზე კონცენტრირდნენ.
ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო: პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს. მორჩით მათ შეურაცხყოფას. დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა, ვიცი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მენტალური მზაობაა. ბიჭებს აცადეთ, საქვეყნო საქმეზე კონცენტრირდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებასა და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს.კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს – ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ.
სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზასაც”. – წერს კობიაშვილი.