ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 16 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. აქედან 7 მებრძოლია, ხოლო 9 – სამოქალაქო პირი.
ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით. 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
4 მებრძოლს – ზაზა დემეტრაშვილს, გოგი სიჭინავას, ლევან ლოგუას და მურთაზ აკობიას, დღეს, 6 აგვისტოს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 3 სამხედრო კი ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე, ასევე, სამხედრო პატივით დაიკრძალება: გენადი (გია) ნიკოლაიშვილი- ნუცუბიძის ფერდობის საქალაქო სასაფლაოზე, შალვა კარტოზია- წყნეთში, ხოლო თეიმურაზ ბაბლიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარეულში.
1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1849 ადამიანი, მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.