კობახიძის მოსმენაზე პარლამენტში ონლაინმედიას არ შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 28 ივნისს, პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს და შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა იკრძალება.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს შეუშვებენ, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვთ.
28 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსმენაა დაგეგმილი. მანამდე ამგვარი ნორმა პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას მოქმედებდა:
საქართველოს პარლამენტის განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ:
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, — წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ