„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა გამოხატა „უდიერი მიდგომა“ და “დაუპირისპირდა სახელმწიფო ინტერესებს”, რამაც განაპირობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის გამოწვევა.
თუმცა კობახიძე არ განმარტავს, რა ინტერესზეა საუბარი.
„მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. უფრო მეტად არ განვმარტავ იმიტომ, რომ წლის ბოლომდე ჯერ კიდევ იკავებს თანამდებობას“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს აღქმა, რომ თავში ჩაარტყამს ხელისუფლებას და პასუხს ვერ მიიღებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს. სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება საამიროების თუ სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე. უარყოფილი იყო უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად“, — თქვა კობახიძემ.
რა ხდება?
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ პოსტზე მეორე ვადა მას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და მესამე ვადით იყო წარდგენილი აღნიშნულ თანამდებობაზე. თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია და თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს მხარს.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა, რომ კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია და ირაკლი კობახიძისგან მოითხოვა განმარტება, რაში გაცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის, რატომ გააკეთა ეს. 3 კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
კობახიძემ დაადასტურა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილს არ პასუხობს, რადგან ის ამას „არ იმსახურებს“. მან საქართველოს კანდიდატურის გამოწვევის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რომ „კონკრეტულმა სახელმწიფოებმა” დაიწყეს საქართველოს ელჩების დაბარება და უკმაყოფილებს გამოთქვა, რომ საქართველოს კანდიდატის მესამე ვადით არჩევის სურვილზე. ირაკლი კობახიძეს არ დაუსახელებია სხვა მიზეზები და ის, თუ რა „სახელმწიფოებრივ ინტერებს“ დაუპირისპირდა ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა, რომელმაც თავდაპირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) სავარაუდო გარიგებით ცვლიდა გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს, წერდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება.
„გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წევრობა ორგანიზაციაში შეაჩერა — თამამი ნაბიჯი, რომელმაც მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედება აღიარებული იყო, როგორც მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი კვლავ უარს ამბობს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე“, — წერს The Diplomat.
