კობახიძე ტუსკზე: ეს შანტაჟია – იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება

ირაკლი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის გამოსვლას, რომელშიც მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზნით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, შანტაჟი უწოდა.
იგი ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული კურსი მისი მოქალაქეების არჩევანია და მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
“რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ბუნებრივია საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო”, – თქვა მან.
დონალდ ტუსკმა აღნიშული განცხადება გუშინ, პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. […] დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის – კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა.
საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ – ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის.”, – თქვა მან.